Accentnews.ge
რა გეგმებს ემსახურება რუსულ მედიაში დაწყებული ფეიქ-ისტერია “საქართველოში რუსებზე თავდასხმების” შესახებ

რა გეგმებს ემსახურება რუსულ მედიაში დაწყებული ფეიქ-ისტერია “საქართველოში რუსებზე თავდასხმების” შესახებ

03/07/2019 12:52:02 თვალსაზრისი, ანალიზი

რუსულმა პროპაგანდისტულმა სახელისუფლებო მედიასაშუალებებმა “საქართველოში რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმების შემთხვევების” შესახებ ფეიქ-ამბების ტირაჟირება დაიწყეს.

ასე, მაგალითად, გამოცემა “gazeta.ru”-ს ინტერნეტ-ვერსია აქვეყნებს ვიდეორგოლს თანდართული ინფორმაციით იმის შესახებ, რომ “საქართველოში რუსულ ოჯახს დაესხნენ თავს”.

ამასთან, ამ ინფორმაციის წყაროსთან დაკავშირებით გამოცემას მითითებული აქვს, რომ ვიდეორგოლიც და სიახლეც “სოციალურ ქსელში ვრცელდება” - ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე.

იგივე “ფეიქი” გაჩნდა ფედერალური საინფორმაციო სააგენტო “riafun.ru”-ს და ერთმანეთის მიყოლებით სხვა მთელი  რიგი რუსული გამოცემების ვებ-გვერდებზე.



რეალურად, საქართველოში მსგავსი არაფერი მომხდარა; ამბავი, რომელიც ვიდეორგოლზეა ასახული, 4 წლის წინანდელია, რაც მოგვიანებით ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამაც "აღმოაჩინა"თანაც კადრებზე არა “თავდასხმა”, არამედ იმხანად აქტიური ახალგაზდების მიერ საქართველოში შემოსული მოქალაქისთვის გეორგიევსკის ლენტის ჩამორთმევის მცდელობაა ასახული:

ეს პუტინის რუსეთის პროპაგანდისტული მედიის მოქმედების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. რა მიზანს ემსახურება მსგავსი ფეიქ-პუბლიკაციები – პუტინის სანქციების მიუხედავად საქართველოში ჩამოსვლის სურვილის მქონე რუსეთის მოქალაქეების დაშინებას, თუ კიდევ უფრო მზაკვრულ შორს მიმავალ გეგმებს – ძნელი სათქმელია.

მას შემდეგ, რაც რუსეთში მცხოვრებმა ადამიანებმა საქართველოში მყოფი თანამემამულეებისგან, ასევე სოციალური ქსელებიდან, youtube-დან და სხვა წყაროებიდან შეიტყვეს, რომ კრემლს დაქვემდებარებულ მედიაში ატეხილი ანტიქართული ისტერია რეალობას არ ასახავს და არანაირი რუსოფობია საქართველოში არ არის,  რუსეთში სულ უფრო მტკიცედ იკიდებს ფეხს მოსაზრება, რომ ეს ანტიქართული კამპანიაც და სანქციებიც კრემლს რეალურად, რუსეთის ფაქტობრივად ცარიელი,  საქართველოსთან შედარებით, ბევრად უფრო მდორე ხარისხის მომსახურების მქონე და ძვირი საზაფხულო კურორტებისკენ  ტურისტული ნაკადის გადასამისამართებლად დასჭირდა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები და ანტისაოკუპაციო ლოზუნგები კი უბრალოდ საბაბად გამოიყენა.

“ეს ისტორია გრიპის ეპიდემიის შესახებ იანვრის გამოხტომას ჰგავს. სამთო-სათხილამურო კურორტის მიმართულებით მაშინ ჯავშნების 38% გააუქმეს, პირადად ჩვენთან - 20%. საქართველოში ტურისტული ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს შორის მუსირებს აზრი, იანვრის კრიზისი იმასთან იყო დაკავშირებული, რომ რუსულ კურორტ კრასნაია პოლიანას [სამთო-სათხილამურო კურორტი სოჭში] კლიენტურა ძალიან აკლდა, ჩვენ კი მეზობლები ვართ და კონკურენტები, ამიტომაც გრიპის ეპიდემიის შესახებ ხმები დაყარესო. შედეგად იანვარი ჩაგვივარდა. და ახლაც, საზაფხულო სეზონის დასაწყისში მსგავსი ისტორიაა” - განუცხადა რუსულ გამოცემა “Настоящее  время”-ს 2011 წლიდან საქართველოში მცხოვრებმა და მოღვაწე რუსეთის მოქალაქემ, სპა-კურორტი Tsarbani-ს მფლობელმა გლებ გოვოროვმა.

“რა საჭიროა ეს ყველაფერი?! გულახდილად გეტყვით, დიდი ეჭვი მეპარება, ამან ტურისტული ნაკადის რუსული კურორტებისკენ გადადინება გამოიწვიოს. ამასწინათ ვიღაცამ გამოდო “პოსტი” თევზზე ფასების შესახებ – ის საქართველოში 5-ჯერ იაფია! რა თქმა უნდა, იქნება სხვა შედეგებიც: ღვინო მყისიერად “მოწამლული” გახდება, “ბორჯომი” - “მეტისმეტად გაზიანი”, პომიდორი - “დავირუსებული”... ყველაფერი გარკვეული დროის შემდეგ გაირკვევა – ვინაა ინიციატორი, ვის აძლევს ეს ხელს...” - ამბობს რუსეთის მოქალაქე ანა დენისოვა, რომელიც მეუღლესთან ერთად საქართველოში 2017 წლიდან ცხოვრობს და ბათუმის სიახლოვეს სარესტორნე და სასტუმრო ბიზნესითაა დაკავებული.

რუსეთის მოქალაქეები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ კრემლის სანქციები უპირველესად, თავად მათ აზარალებთ:

“მინდა, მჯეროდეს, რომ ეს პრობლემები დროებითია, პანიკაში არ ვვარდებით და იმედი მაქვს, პოლიტიკოსები გონს მოეგებიან, რადგან მათი თამაშებით რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან. ხალხმა მთელი ზამთარი იმუშავა, მთელი გაზაფხული, აგროვა ფული, დაჯავშნა ოტელი, დაიქირავა გიდი, კიდევ რაღაც-რაღაცები – და ახლა რა? ადამიანები დიდ ფულს კარგავენ და შვებულება უფუჭდებათ! ეს არც საქართველოსთვისაა კარგი, მაგრამ არც თავად რუსეთისთვის. […] რუსეთში ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ არანაირი რუსოფობია აქ არ არის და ვერც იქნება. პირიქით! რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება, გამოჩნდეს ვინმე, ვინც რაიმე ისეთს იტყვის, მაგრამ ქართველების 90% თავს ამის უფლებას არასდროს მისცემს. […] აქ არასოდეს უარყვიათ რიგითი რუსები და რუსული ენა. მე, მაგალითად,  აქ ვცხოვრობ და ქართულად თავისუფლად ვსაუბრობ, მაგრამ შვილებს რუსულად ვეკონტაქტები და 23 წლის განმავლობაში არ მახსოვს, ვინმეს რუსობის ან რუსულენოვანობის გამო გადაკრულად ეთქვას რამე. ნეგატიური მზერაც კი არასოდეს დამიჭერია ჩემს თავზე – ომის დროსაც კი! რაც ახლა ხდება [კრემლის სანქციები], ჩემთვის უბრალოდ სასაცილოა და სამარცხვინო, საბავშვო ბაღის დონეა: "სათამაშო დამიმტვრიე? - ახლა მეც დაგიმტვრევ". ჩემი აზრით, ამ [პუტინის] რანგის პოლიტიკოსები ასეთ დონეზე არ უნდა ეშვებოდნენ” - ამბობს რუსეთის მოქალაქე, რამდენიმე ქართული რესტორნის ბრენდ-შეფი ნატალია ჩვილიოვა.

“ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში ის გაცოფებს, რომ სანქციების დარტყმის ქვეშ დაუცველი ხალხი აღმოჩნდა – რუსეთის მოქალაქეები პატარა ბავშვებით, მოხუცი მშობლებით... ჩვენს გვერდით არის პროექტი: მოსკოველი გოგონა ურეკის მახლობლად საქველმოქმედო სარეაბილიტაციო ცენტრს აშენებს. აგვისტოში პირველი დამსვენებლები უნდა ჩასულიყვნენ. საქველმოქმედო ფულით მიიზიდა ექიმები, გაარემონტა და გააფართოვა სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ ბავშვებისთვის. და აი, დედები ცერებრალური დამბლის, სხვა მძიმე დაავადებების მქონე შვილებით უბრალოდ ვეღარ ჩამოვლენ...” - ამბობს იგივე  ანა დენისოვა.

რიგი ქართველი ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ “რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმების” შესახებ ფეიქ-სიახლეების გავრცელებას კრემლის მიერვე საქართველოში შემოგზავნილი აგენტურის გამოყენებით რუსებზე თავდასხმების უკვე რეალური შემთხვევები მოჰყვეს, რასაც მოსკოვი შემდეგ კიდევ უფრო აგრესიული გეგმების განსახორციელებლად გამოიყენებს.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S