
კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან "პატიმრების თემის" წამოწევა სამარცხვინოა, რადგან ამ ძალებმა "გაყიდეს გარეჯი და მოკლეს საოლქო კომისიის თავმჯდომარე"
14/12/2020 07:39:32 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდაზე "პატიმრების თემა" თავად მიიტანა, ხოლო ახლა, ამ საკითხის შემოტანას ფასილიტატორ ელჩებს აბრალებს.
კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან "პატიმრების თემის" წამოწევა სამარცხვინოა, რადგან ამ ძალებმა "გაყიდეს დავით გარეჯი და საოლქო კომისიის თავმჯდომარე მოკლეს".
"მართლა მსოფლიო მასშტაბით გვჭრის ოპოზიცია თავს, როდესაც საუბრობენ, რომ ტყვეებით ვაჭრობენ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებიო, ეს არის თავის მოჭრა. თითონ მოიტანეს ეს საკითხი მოლაპარაკებაზე და მერე ელჩებს დააბრალეს, რომ მათი შემოტანილი იყო. როდესაც გაყიდული გაქვს დავით გარეჯი და როდესაც შენ მოკალი საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას როგორც ასეთს, მერე ეს საკითხი მოგაქვს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ეს თავის მოჭრაა. ასეთი ოპოზიციის ადგილი ნამდვილად არ არის საქართველოს პარლამენტში", - აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის: კობახიძის მიერ ნახსენებ საქმეეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარი არ არის.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი საქართველოს საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
რაც შეეხება ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის საქმეს, ბრალდებულებს – აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ქრთამის მიღებას, მუქარასა და იძულებას ედავებიან.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021