
ნიჟარაძე "ოცნების" მხრიდან PVT-ზე ინფორმაციის უკანონო მიყურადების გზით მიღებას არ გამორიცხავს
12/12/2020 11:02:25 საშინაო პოლიტიკა
"სამართლიანი არჩევნების" (ISFED) ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა სწორედ ფარული მიყურადების საშუალებით შეიტყვეს წინასწარ პარალელური დათვლის (PVT) შედეგების ჩასწორების შესახებ ინფორმაცია.
"ქართულმა ოცნებამ" მანამდე რატომ იცოდა, ეს უნდა ვკითხოთ "ქართულ ოცნებას". მე არ ვიცი, საიდან მიიღეს მათ ეს ინფორმაცია იმიტომ, რომ ორგანიზაციაში ეს იცოდა ადამიანების ძალიან შეზღუდულმა რაოდენობამ. მე არ გამოვრიცხავ არაფერს, მე მტკიცებულება ამ შემთხვევაში არაფერი არ მაქვს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ", - ამბობს ნიჟარაძე.
საქმე ეხება გუშინ ორგანიზაციის მიერ პარალელური დათვლის შედეგების ჩასწორებას, რომლის შედეგადაც "ქართულ ოცნებას" ამავე მაჩვენებლით შედეგი 2%-ით გაეზარდა.
ორგანიზაცია აცხადებდა, რომ ხარვეზი ხმების დათვლის პროგრამაში დაფიქსირდა, რომელიც დამოწმებულ ბიულეტენებთან ერთად გაბათილებულ ბიულეტენებს ითვლიდა. ISFED-ის წარმომადგენლების განმარტებით, სწორედ ამან გამოიწვია შედეგებში აცდენა.
ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ გუშინ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დროს ამბობდა, რომ პარალელური დათვლის შედეგებისთავის გადაეხედათ და თუ აღმოჩნდებოდა, რომ ცდომილება დარჩებოდა ცსკ-ს მონაცემებთან, მაშინ “ქართული ოცნება” არჩევნების ხელახლა ჩატარებას მხარს დაუჭერდა. ბოკერია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს ინფორმაცია კობახიძეს უკანონო გზებით ჰქონდა მიღებული და ცდილობდა ოპოზიცია მოეტყუებინა:
"აქედან ირკვევა, რომ რაღაც ფორმით, დიდი ალბათობით, უკანონო ფორმით, მიყურადების ფორმით, იცოდნენ ამის შესახებ და მახეს უგებდნენ ოპოზიციას, თავისი მოკლე ჭკუით. ჩვენ უნდა დავთანხმებულიყავით, რომ PVT-ია საზომი და მოდი ჩავუჯდეთ ოქმების დაჯამებას და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, და იქ გაგვჭედავდა თავისი ჭკუით".
თავად ირაკლი კობახიძემ ბრალდება დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე უარყო. მან მხოლოდ დაადასტურა, რომ მმართველ გუნდსა და ISFED-ს შორის პარალელური დათვლის შედეგების შესახებ კომუნიკაცია მართლაც შედგა. მისი თქმით, პარტიაში "ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე" მიხვდნენ, რომ დათვლის პროცესში ხარვეზები იყო დაშვებული.
"აშკარა იყო, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას დაშვებული იყო უხეში ხარვეზი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, PVT-ის შედეგები დაემთხვეოდა ცსკ-ს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს. ჩვენ მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა", - ამბობს კობახიძე.
"ქართული ოცნების" წევრებთან კომუნიკაციას ორგანიზაციის თავმჯდომარეც ადასტურებს, თუმცა ნიჟარაძე განმარტავს, რომ ორგანიზაციაში შედეგების აუდიტი არჩევნების დასრულების შემდეგ რამდენჯერმე ისედაც ტარდება. მისი თქმით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი აუდიტის დროს აღმოაჩინეს ორგანიზაციის თანამშრომლებმა დაშვებული ხარვეზი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021