
"ლელო" საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ანულებს
10/12/2020 13:17:43 საშინაო პოლიტიკა
"ლელო" საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ანულებს. ამის შესახებ პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
"ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოვიწვიოთ საპარლამენტო სია, მივმართოთ ოფიციალურად და უარი ვთქვათ მანდატებზე, რომელიც გვაქვს. ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება საერთოდ ქვეყნისთვის, როცა ქვეყანას ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, თუმცა სამწუხაროდ, მოგვიწია ამ ნაბიჯის ოფიციალურად გაფორმება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ლელოს“ კიდევ ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ლელოს“ მიერ საპარლამენტო სიის გამოწვევა „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგზე უარის თქმას არ ნიშნავს.
„ახლა გვაქვს მოცემულობა, როდესაც მხოლოდ ერთი პარტია აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების ნამდვილობას, ესაა „ქართული ოცნება“. ყველა ოპოზიციური პარტია ცალსახად აცხადებს, რომ არჩევნები დიდი დარღვევებით ჩატარდა და თუ ამას არ შევეწინააღმდეგებით, შემდგომ არჩევნებსაც ანალოგიური დარღვევებით მივიღებთ. ამიტომ გადაწყვიტა დღეს პარტიამ, რომ გამოიწვიოს სია და უარი თქვას მანდატებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგზე უარს ვამბობთ. დიალოგს გავაგრძელებთ, რათა ვადამდელი არჩევნების თაობაზე შევთანხმდეთ იმიტომ, რომ ჩვენ უნდა განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიმუხტება, თუ შევჯერდებით ვადამდელ არჩევნებსა და ახალ ადმინისტრაციაზე, რომლის კონტროლითაც ის ჩატარდება“,-აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საარჩევნო ბარიერგადალახული 8 პარტია ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") მე–10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. რაც შეეხება მანდატებს, მასზე უარი ყველა ოპოზიციურ პარტიას ჯერ–ჯერობით არ დაუფიქსირებია.
შეგახსენებთ, რომ მე–10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას ხვალ გამართავს.
იხილეთ ასევე: მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღის წესრიგი ცნობილია
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021