
სახალხო დამცველი: "ერთპარტიულ პარლამენტთან მუშაობა ჩემთვის წარმოუდგენელია"
10/12/2020 11:54:13 საშინაო პოლიტიკა
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისთვის, როგორც ომბუდსმენისთვის, წარმოუდგენელია ერთპარტიულ პარლამენტთან მუშაობა.
ლომჯარიამ იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგება, რადგან, როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მხოლოდ ერთი პარტიით მართული საკანონმდებლო ორგანო, ქვეყნის განვითარებისთვის დამაზიანებელია.
"ჩემი სურვილია და ძალიან დიდი იმედი, რომ მოხდება კონსენსუსი და პოლიტიკური შეთანხმება. თუ ჩვენ გვეყოლება ერთი პარტიის მიერ დომინირებული პარლამენტი, ეს იქნება ყველასთვის, მათ შორის მმართველი პარტიისთვის, ქვეყნისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ძალიან ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩემთვის როგორც სახალხო დამცველისთვის, წარმოუდგენელია მუშაობა ერთპარტიულ პარლამენტთან", – განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საარჩევნო ბარიერგადალახული 8 პარტია ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") მე–10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფესილიტატორი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების მე-4 რაუნდი ჩატარდა. როგორც მე–4 შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები ხელახალი არჩევნების დანიშნვასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არის დაშორებული. საარჩევნო სისტემის რეფორმისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილების საკითხზე კი, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეების პოზიციები მეტ-ნაკლებად დაახლოვდა. როდის გაიმართება მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი ჯერ–ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი პირველ სხდომას ხვალ გამართავს.
იხილეთ ასევე: მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღის წესრიგი ცნობილია
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021