
მალხაზ მაჩალიკაშვილს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა
14/05/2019 03:16:28 სხვა, საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. გვიან ღამით ის დაბალი წნევითა და საერთო სისუსტის შეგრძნებით ინგოროყვას კლინიკაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.
„საღამოს კარავში [რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ] მივაკითხეთ მალხაზ მაჩალიკაშვილს მე და ჩემმა მეგობრებმა. მან გვითხრა, რომ ცუდად გრძნობდა თავს, ზოგადი სისუსტე აღენიშნებოდა, განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში. როგორც თვითონ გვითხრა, ყოველდღე უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა თავს“, – განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერმა დავით ქაცარავამ.
მაჩალიკაშვილს ინგოროყვას სახელობის კლინიკაში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მას დაბალი წნევა აღენიშნებოდა, ასევე აქვს შაქრის პრობლემა.
პაციენტმა საავადმყოფო კვლევების შემდეგ, დატოვა და კვლავ რუსთაველის გამზირზე, კარავში დაბრუნდა.
ცნობისთვის: უკვე რამდენიმე თვეა, მაჩალიკაშვილი პარლამენტთან საკუთარი ვაჟის – თემირლანის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით აქციას მართავს.
თემირლანი პანკისში ჩატარებული სპეც–ოპერაციისას სასიკვდილოდ დაიჭრა. სუს–ის მტკიცებით, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ოჯახის ცნობით კი ოპერაციისას თემირლანს უბრალოდ ეძინა.