
„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს, დღეიდანვე დაიწყოს ქალაქის ქუჩების კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლება
02/12/2020 11:21:18 საშინაო პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს, დღეიდანვე დაიწყოს ქალაქის ქუჩების კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლება.
“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელით, მსურს გამოვეხმაურო თბილისის მერის და პარტიის გენერალური მდივნის, ბატონი კახა კალაძის მიერ დაყენებულ ინიციატივებს. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მერმა თხოვნით მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, აღასრულონ ვალდებულება და კანონით დადგენილ ვადაში, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 17 დღეში, უზრუნველყონ თავიანთი სააგიტაციო პლაკატების დემონტაჟი. “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია, მზად არის ამ ვალდებულების შესრულებისთვის და დღეიდანვე, აქტიურად შევუდგებით ქალაქის ქუჩებში კედლების სააგიტაციო მასალისგან გასუფთავებას. მოვუწოდებთ სხვა პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებსაც, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას, რათა დროულად დავუბრუნოთ ქალაქს ჩვეული იერსახე. მოგეხსენებათ, თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში. ვირუსის გავრცელების პირველი ტალღისას, მერიის და უშუალოდ მერის მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო პროგრამა განხორციელდა. მოსახლეობის მხარდაჭერისთვის ხდებოდა ოჯახებისთვის სურსათის დარიგება, საბავშვო ბაღებიდან ბავშვებისთვის პროდუქტების მიწოდება თუ სხვა. ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, ჩვენს ქვეყანაში კოვიდ 19-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში - ჩვენი ინიციატივით შეიქმნა მოხალისეთა ერთიანი შტაბი, რომელშიც 3000- ზე მეტი მოხალისე დარეგისტრირდა. მარტიდან მოყოლებული დღესაც, ასობით მოხალისე თბილისსა და რეგიონებში მონაწილეობს პროდუქტების დარიგებაში, საინფორმაციო კამპანიებსა და სხვადასხვა აქტივობაში. ახალგაზრდები ეხმარებიან მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ახალგაზრდული ორგანიზაცია როგორც პირველი ტალღის დროს, დღესაც მზად არის და სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას თბილისის მერიის მიერ სურსათის დარიგების პროგრამაში და ნებისმიერ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რომელიც შეიძლება სხვადასხვა უწყებებს დასჭირდეთ. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა, ახალგაზრდებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს. “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც მოხალისეობრივ საქმიანობაში სურს მონაწილეობა, შემოგვიერთდეს", – განაცხადა „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021