
"ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი"
25/11/2020 11:45:42 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კონსულტაციები ახლაც გრძელდება:
"ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი".
ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 34 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3366 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თუმცა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.
"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - აცხადებს იმნაძე.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 114889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 95581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1085 გარდაიცვალა.