
ლევან ბერძენიშვილი: "ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, არის სამარცხვინო და ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციის"
23/11/2020 08:46:21 საშინაო პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, "ყველა, ვინც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა, ქართველი ერის სამარცხვინო და ავადმყოფი ნაწილი არის".
„ვფიქრობ, პარლამენტი შედგება და სამარცხვინო 90 კაცი, მათი მხარდამჭერები, ქართველი ხალხის სირცხვილია. ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც ჩაიდინა და რასაც ბოდავს ახლა მისი მთავარი ექსპერტი და პიარსპეციალისტი ირაკლი კობახიძე, ვისაც ეს მოსწონს, ეს ხალხი ჯანსაღი არ არის. ამიტომ აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რომელიც თავს იავადმყოფებენ“,- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში.
მისივე თქმით, "საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე ივანიშვილის წასვლის წამზომი ჩაირთო, თუმცა საზოგადოება მზად უნდა იყოს ხანგრძლივი ბრძოლისთვის".
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო ბარიერგადალახულმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ფასილიტატორებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს.