Accentnews.ge
საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, დღეს ისინი ფასილიტატორებს ინდივიდუალურად შეხვდებიან

საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, დღეს ისინი ფასილიტატორებს ინდივიდუალურად შეხვდებიან

20/11/2020 05:39:43 საშინაო პოლიტიკა

საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, დღეს ისინი ფასილიტატორებს ინდივიდუალურად შეხვდებიან.

ყველა შეხვედრის განრიგი ჯერ–ჯერობით დაზუსტებული არ არის.

როგორც პარტია „ლელოში“ აცხადებენ, ელჩებთან შეხვედრას ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში 14:00 საათზე „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია გამართავენ.

„ჩვენ დაგვპატიჟეს ამ შეხვედრაზე და შესაბამისად, იქ გაირკვევა საუბრის საგანი და შეხვედრის შინაარსი. წინასწარ ჩვენ შეთანხმებული არ ვართ ხვალინდელი შეხვედრის დღის წესრიგზე. ჩვენ ყველა შესაძლებლობას, როდესაც ვხვდებით ჩვენ მეგობარ ელჩებს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, ყოველთვის ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსაზრებები, ხედვა გავუზიაროთ შექმნილ ვითარებაზე, გამოსავალზე ამ კრიზისიდან“, –განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ელჩებთან კომუნიკაცია პარტიას აქვს, თუმცა როდის და სად შეხვდებიან დიპლომატებს, არ აკონკრეტებს.

„ვართ კომუნიკაციის რეჟიმში, როდის და სად იქნება შეხვედრა, მე მაპატიეთ, მაგრამ ამას ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე ისევ იმაზე ვისაუბრებთ, რაზეც წინა შეხვედრებზე ვსაუბრობდი, რომ არჩევნები ჩატარდა ამაზრზენად. კონკრეტული ფაქტები მაქვს ელჩებისთვისაც მოყვანილი, ფაქტები მიჭირავს ხელში, როგორ მოხდა ფალსიფიკაცია არჩევნების შედეგების“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისთვის უცნობია შეხვედრის თემები, თუმცა ვარაუდობს, რომ კავშირში იქნება ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან.

„თემები რა იქნება, არ ვიცი, მართლა. სავარაუდოდ, კავშირში იქნება იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელიც არსებობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. უბრალოდ, ამჯერად ფორმატი არის ოდნავ განსხვავებული, რაღაც ინდივიდუალურად ხვდებიან პარტიებს. ჩვენ არ ვადგენთ ამ შეხვედრების განრიგს, თვითონ მათი დღის წესრიგი არის. გვთხოვეს, მივსულიყავით და მივდივართ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

20 ნოემბრის შეხვედრის განსახილველი საკითხები ასევე უცნობია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერისთვის.

„იქნება შეხვედრები, მეც მაქვს შეხვედრა. ყველა შევხვდებით, ვისაუბრებთ, რეალურად შევაფასებთ პროცესს. ვნახოთ, რა იქნება. მთავარი არის მესამე რაუნდისთვის მზადება და მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს არის მოსამზადებელი შეხვედრები. საკითხები არ ვიცი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ დღემდე გამართული მოლაპარაკებათა 2 რაუნდის წინ ფასილიტატორებს ოპოზიციის ლიდერებთან ცალ–ცალკე შეხვედრები არ გაუმართავთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S