
„ქართულ ოცნებას“ ზუგდიდში ამომრჩველთა მოსყიდვაში ადანაშაულებენ
13/05/2019 14:35:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ოპოზციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები მმართველ პარტია “ქართული ოცნებას” და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვაში სდებენ ბრალს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზციური გაერთიანების წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ზუგდიდში მიმდინარეობს ოპერაცია „სვავი“. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ ერთი კონკრეტული დავალება, რომ ამ ადამიანებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან უნდა ამოიღონ რაც შეიძლება მეტი პირადობის მოწმობა იმისათვის, რომ ისინი არჩევნებზე ვერ მივიდნენ და ვერ გამოხატონ საკუთარი ნება. გარდა იმისა, რომ დადიან სოფლებში, ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურის უფროსი საკუთარ თანამშრომლებს სამსახურიდან დათხოვნით ემუქრება, თუკი ისინი პირადობებს არ ჩააბარებენ ან ხმას „ქართული ოცნების“ კანდიდატს არ მისცემენ“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ადგილობრივ მონადირეებს კოლხეთის პარკში გაუმასპინძლდნენ, რის შემდეგაც მათაც პირადობების გადაცემა მოსთხოვეს.
ცნობისთვის: ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისისთვის არის დაგეგმილი. ზუგდიდის მერობისთვის მმართველი პარტიიდან გეგა შენგელია იბრძოლებს, ხოლო ოპოზიციური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021