
მდინარაძე – "სირცხვილის დერეფანზე": "კარგია, რომ ამას ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაემიჯნა"
16/11/2020 13:59:39 საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მოუწოდებს, ოპოზიციის განცხადებების გამო "შეცდომაში არ შევიდნენ" და 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა.
"როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილი დაბნეულია ოპოზიციის განცხადებების გამო იმის შესახებ, რომ მეორე ტურში არ მონაწილეობენ. ზოგიერთ ადამიანს ამ ფონზე რჩება შთაბეჭდილება, რომ მეორე ტური საერთოდ არ ტარდება, რაც, რა თქმა უნდა, მართალი არ არის. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის შაბათს, 21 ნოემბერს, გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მთაწმინდა-კრწანისის, ვაკის, საბურთალოს, ისნის, სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, ნაძალადევის, გლდანის, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის, მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის, რუსთავის და გარდაბნის რამდენიმე სოფლის, ხაშური-ქარელის, ზესტაფონი-ტყიბული-თერჯოლა-ბაღდათის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს საარჩევნო ოლქებში. ბიულეტენებში მითითებული იქნება მეორე ტურში გასული ორივე კანდიდატის სახელი და გვარი, რადგან მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნა, მოქმედი კანონმდებლობით, შეუძლებელია. „ქართული ოცნების“ ყველა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ვუხდით უღრმეს მადლობას ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში ოპოზიციის სპეკულაციური განცხადებების გამო, 21 ნოემბერს მივიდნენ საარჩევნო უბნებში და მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს. დარწმუნებულები ვართ, რომ გამარჯვება იქნება გარდაუვალი ჩვენი კანდიდატებისა, რადგან განწყობა საზოგადოების ასეთია“, - განაცხადა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ოპოზიცია მაინც მუშაობს თავისი აგიტატორების მეშვეობით ველზე, როგორც ამას პარტიული სუბიექტები ეძახიან“:
"ისინი ზოგიერთ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში აორმაგებენ კიდევაც (ორგან დაფიქსირდა ასეთი ფაქტი) მათი აგიტატორების რაოდენობას. ასე, რომ მათი განცხადებები აცდენილია მათი მოქმედებებიდან. ასევე მინდა, საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო, რომ უდიდესი ნაწილი მათი კანდიდატებისა, რომლებიც არიან მაჟორიტარები, უკვე მათი საარჩევნო სიის, პროპორციული სიის შედეგების მიხედვით არიან პარლამენტის დეპუტატები, მათ მოპოვებული აქვთ მანდატი, რაც არ ხდება ჩვენს შემთხვევაში, რადგან გამსვლელ სიაში ჩვენი მაჟორიტარობის არც ერთი კანდიდატი შეყვანილი არ ყოფილა, მათ მანდატი არ აქვთ და იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ დღევანდელი შედეგებით და მდგომარეობით, აქვს 73 მანდატი მოპოვებული. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატების მხარდაჭერა“.
მდინარაძის თქმით, "სირცხვილის კორიდორთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან თავხედური განცხადებები".
„ე.წ. სირცხვილის კორიდორებთან დაკავშირებით პირდაპირ ვიტყვი, ყოველგვარი მორიდების გარეშე, რომ გაკეთდა ძალიან თავხედური განცხადებები გუშინდელი დღის განმავლობაში. ძალიან კარგია, რომ ამ მიდგომას გაემიჯნა უკვე რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციიდან, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ეს არის განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, ხალხის მიმართ. მათ გაბედეს, მართალია, რამდენიმე მათგანმა, მაგრამ გაბედეს, რომ დაეანონსებინათ სირცხვილის კორიდორის და ამომრჩეველზე ზემოქმედების ეს მეთოდი საარჩევნო დღისთვის, მეორე ტურისთვის, რაც წარმოუდგენელია. არავის ეგონა, რომ 2020 წელს შეიძლებოდა მსგავსის გაკეთება რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან“,- დასძინა მან.