
IRI: “2020 წლის საკანონმდებლო ცვლილებებმა უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის საფუძველი შექმნა"
16/11/2020 13:47:07 საშინაო პოლიტიკა
"2020 წლის ივლისსა და სექტემბერში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა უფრო მეტად სამართლიანი საარჩევნო სისტემის არსებობის სამართლებრივი საფუძველი შექმნეს",- ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიშია ნათქვამი.
"დამატებითი საკანონმდებლო რეფორმები შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას, საარჩევნო სამართალდარღვევათა გადაწყვეტის ვადებს, პარტიის აქტივისტების მხრიდან არჩევნების დღეს დაშვებული აქტივობების შეზღუდვას, საარჩევნო უბნებზე ეტლით მოსარგებლე პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდას და რეგულაციებს COVID-19- ის გავრცელების პრევენციის მიზნით. 2020 წლის ივლისსა და სექტემბერში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შექმნა მეტად სამართლიანი საარჩევნო სისტემის არსებობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული ცვლილებები ინკლუზიური და მრავალფეროვანი პარლამენტის ფორმირებას ისახავდა მიზნად და გულისხმობდა 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული მანდატის ნაცვლად, პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 წევრისგან შემდგარი პარლამენტის ფორმირებას. გარდა ამისა, პროპორციულ ნაწილში საარჩევნო ბარიერი 5%-დან 1%-მდე შემცირდა. ასევე ამოქმედდა 40 პროცენტიანი ჩამკეტი მექანიზმი, რომელზე ნაკლების დაგროვების შემთხვევაში ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას“,- ნათქვამია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში.