
INT: "COVID-19 იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან გავრცელდა"
15/11/2020 18:51:42 მსოფლიო
COVID-19 იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებს, – ამის შესახებ მილანში მდებარე სიმსივნის ეროვნული ინსტიტუტის (INT) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშია ნათქვამი.
"2019 წლის 30 სექტემბრიდან 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში ფილტვის კიბოს სკრინინგი 959 ჯანმრთელ მოხალისეს ჩაუტარდა. მათგან 11,6%–ს COVID-19–ის ანტისხეულები აღმოაჩნდა 1 მარტამდე პერიოდში. ამასთან, გამოვლინდა 4 მოხალისე, რომელთაც კორონავირუსის ანტისხეულები 1 ოქტომბრამდე პერიოდში აღმოაჩნდათ. შესაბამისად, ვირუსი სექტემბრიდან ცირკულირებდა", – ნათქვამია კვლევაში, რომელიც ჟურნალ Tumori–ში გამოქვეყნდა.
ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი კორონავირუსი იგივე COVID-19 თავდაპირველად ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა.
INT–ს კვლევამდე, მიიჩენოდა, რომ COVID-19–ის პირველი შემთხვევები იტალიაში 2019 წლის თებერვალში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 1 178 529 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 45 229 პირი გარდაიცვალა.