
ლევან იზორია ბრიუსელში უცხოელ კოლეგებს შეხვდა
27/06/2019 13:15:06 სხვა, თავდაცვა, რეკლამა
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შვედეთის, რუმინეთისა და ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების გზებზე იმსჯელა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ტოტალური თავდაცვის ძირითად ასპექტებზე.
„რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი განვიხილეთ. შვედ კოლეგასთან საუბარი საქართველოში ტოტალური თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების კუთხით მიღწეულ შედეგებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ასევე დავინტერესდით, რა კეთდება შვედეთში ამ მიმართულებით, რომ ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. ჰოლანდიელ კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მადლიერება იმ წვლილისთვის, რაც ამ ქვეყანამ შეიტანა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და, განსაკუთრებით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმეში, რომლის იუბილესაც ხვალ ვიზეიმებთ საქართველოში და მას ახლო მომავალში ველოდებით საქართველოში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მათივე ინფორმაციით, 26-27 ივნისს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართულ სხდომას დაესწრო და შეხვედრები გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და მის მოადგილესთან როუზ გოტმიულერთან.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021