Accentnews.ge
რუსეთის ჯაშუშების დაკავების ფონზე თურქეთი „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გადახედვით იმუქრება

რუსეთის ჯაშუშების დაკავების ფონზე თურქეთი „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გადახედვით იმუქრება

02/11/2020 10:45:55 ანალიზი

რუსული სააგენტო fianz.ru-ს ინფორმაციით, თურქეთმა რუსეთის ჯაშუშები დააკავა და „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გადახედვით იმუქრება.

სააგენტოს მტკიცებით, თურქეთის სპეცსამსახურებმა „ბოსფორუს გაზის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ხუთი სხვა თანამშრომელი დააკავეს. ეს კომპანია რუსული გაზის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია და 2018 წლამდე რუსულ „გაზპრომს“ ეკუთვნოდა.

დაკავებულები, რომლებიც კონფიდენციალურ ინფორმაციას უცხო ქვეყნის ენერგოკომპანიას აწვდიდნენ, სამხედრო და პოლიტიკურ შპიონაჟში არიან ეჭვმიტანილები.

სააგენტომ თურქულ მედიაზე დაყრდნობით ერთ-ერთი დაკავებულის სახელი და გვარიც განასაჯაროვა. გამოძიების თანახმად, ემელ ოზთურქს 2020 წლის აპრილიდან უცხო ქვეყნის ენერგოკომპანიის სამ წარმომადგენელთან ჰქონდა ურთიერთობა და მათ თურქეთის მიერ შესყიდული გაზის კონკრეტულ რაოდენობასა და საფასურთან დაკავშირებით გასაიდუმლოებულ ინფორმაციას აწვდიდა. მისი ქმედებებით გამოწვეული ზარალი მილიარდობით დოლარს შეადგენს.

რუსეთზე მომუშავე ჯაშუშების დაკავება თუ გაძევება უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში მომხდარი ფაქტები რომ გავიხსენოთ, 24 იანვარს ბულგარეთმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. 5 ივნისს რუს დიპლომატებს ქვეყნის დატოვება ჩეხეთმაც მოსთხოვა. პრეზიდენტ ბაბიჩის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში საწამლავ „რიცინის“ შეტანის ისტორიასთან იყო დაკავშირებული. მიიჩნეოდა, რომ ამ ნივთიერებით ანტირუსულად განწყობილი პრაღის მერის მოწამლვა იყო დაგეგმილი. 8 აგვისტოს სლოვაკეთმა ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატი გააძევა, რომელიც ჯაშუშობაში იყო მხილებული. 19 აგვისტოს კი რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მიიღო. საინტერესოა, რომ მანამდე ოსლოში რუსეთისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ნორვეგიის მოქალაქე დააკავეს. ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, დაკავებული რესტორანში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელს შეხვდა და გადასცა ინფორმაცია, რაც ნორვეგიის ფუნდამენტური ინტერესების დამაზიანებელი იყო. ის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც განახლებადი ენერგიის, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში მსოფლიოში უმსხვილესი ტექნიკური კონსულტანტია. ნორვეგიული მედიის ინფორმაციით, საქმე ინდუსტრიულ ჯაშუშობას ეხებოდა. ნორვეგიის შემდეგ რამდენიმე დღეში რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება ავსტრიამაც მოსთხოვა.

ჯაშუშების სკანდალის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ 2021 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ვადა იწურება და მისი გაგრძელების ალბათობა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების, ასევე სირიასა და ლიბიაში ანკარა-მოსკოვის დაპირისპირების პირობებში ისედაც ეჭვქვეშ დგას. უფრო მეტიც, მიმდინარე წლის ზაფხულში თურქეთმა თითქმის სრულად თქვა უარი რუსულ გაზზე. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები ჯაშუშებთან დაკავშირებული ახალი სკანდალის ფონზე და დაკარგავს თუ არა ოფიციალური მოსკოვი თურქეთზე ენერგეტიკულ გავლენას სრულად.

ექსპერტების აზრით, „გაზპრომს“ უკან დახევა მოუწევს და შესაძლებელია, სამხრეთ ევროპაში ამ კომპანიის ოპერირება მინიმუმამდე დავიდეს, რაც პუტინის დიპლომატიისა და გეოპოლიტიკის უდიდესი მარცხი იქნება.

ნანა სართანია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S