Accentnews.ge
მეორე ტური 14 მაჟორიტარულ ოლქშია მოსალოდნელი

მეორე ტური 14 მაჟორიტარულ ოლქშია მოსალოდნელი

01/11/2020 17:00:46 პოლიტიკა

30–დან ერთადერთი მაჟორიტარული ოლქი, რომელშიც, დათვლილი საარჩევნო უბნების შედეგების მიხედვით, ოპოზიციური კანდიდატი ლიდერობს, გლდანია. კერძოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გლდანის უბნების 100% დათვალა და როგორც წინასწარი შედეგებიდან ირკვევა, ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატ ნიკა მელიას 43,88%–მა გამოუცხადა მხარდაჭერა, ხოლო სახელისუფლებო კანდიდატ ლევან კობიაშვილს – 42,69%–მა.

ამასთან, ხმების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, თბილისის რვავე ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი.

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საარჩევნო ოლქებში, მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატს ოპოზიციის შეთანხმებული ან ენმ–ის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამონაკლისია საბურთალო - აქ მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატთან ერთად „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გადავიდა.

რაც შეეხება რეგიონებს, ცსკ–ს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურებია მოსალოდნელი 6 ოლქში:

  • თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში;
  • რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ოლქში;
  • ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში;
  • ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა) ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში;
  • ზუგდიდის ოლქში;
  • ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ოლქში.

ამრიგად, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები ჯამში 14 მაჟორიტარულ ოლქშია მოსალოდნელი.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, გეგმავს, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციებს მართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S