Accentnews.ge
გერმანიამ შეზღუდვები გაამკაცრა და პარალელურად, მცირე ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერა გააძლიერა

გერმანიამ შეზღუდვები გაამკაცრა და პარალელურად, მცირე ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერა გააძლიერა

28/10/2020 18:47:27 მსოფლიო

ეპიდვითარების გაუარესების გამო გერმანიამ ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები გაამკაცრა. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყნის 16 რეგიონის მმართველებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ მყისიერად უნდა ვიმოქმედოთ, რათა შევაკავოთ COVID-19-ის სწრაფი გავრცელება, რაც საავადმყოფოების გადატვირთვის საფრთხეს ქმნის. სადღეისოდ არსებულ ეპიდვითარებას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება, თუმცა ვირუსი ისეთი ტემპებით ვრცელდება, ეს სისტემა შესაძლებლობების ზღვარს რამდენიმე კვირაში მიაღწევს, თუ სასწრაფოდ არ ვიმოქმედეთ", – განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში 2 ნოემბრიდან შემდეგი შეზღუდვები ამოქმედდება:

  • რესტორნები, კაფეები დაიხურება; რესტორნებს მხოლოდ მიტანის სერვისი ექნებათ;
  • კლუბები; თეატრები, კინოთეატრები დაიკეტება; კონცერტები გაუქმდება;
  • საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები დაიკეტება;
  • 10 კაცზე მეტის შეკრება აიკრძალება; ისინი მაქსიმუმ, ორი ოჯახის წევრები უნდა იყვნენ;
  • პროფესიონალური სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვები იქნება მაყურებლის გარეშე;
  • მოქალაქეებს გადაუდებელი საჭიროების გარდა მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართავენ;
  • სასტუმროებში ღამის გათევა შეეძლებათ იმ პირებს, რომელთაც მხოლოდ აუცილებელი საქმიანი ვიზიტები აქვთ;

აღსანიშანვია, რომ სკოლები, ბაღები და მაღაზიები ღია რჩება. მათ სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა ევალებათ.

როგორც მერკელმა განაცხადა, ახალი შეზღუდვები ძალაში 2 ნოემბრიდან შევა და 1 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ შეზღუდვებმა ზიანი შეუმსუბუქოს მცირე ბიზნესს, მთავრობა ამ სექტორს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს:

  • კერძოდ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კომპანიები, რომელთაც 50-მდე თანამშრომელი ჰყავთ, ნოემბრის თვეში თავიანთი წლიური შემოსავლის 75%-ს მიიღებენ.
  • გარდა ამისა, თვითდასაქმებულებს, როგორიცაა მხატვრები, წვდომა ექნებათ სწრაფ სესხებზე. ხოლო მცირე ფირმებს, რომელთაც 10-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავთ, სახელმწიფო იაფ სესხებს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, გერმანიაში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. გასული დღე–ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა – დაავადება 14 964 ადამიანს დაუდასტურდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 10 183 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 464 239 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 171 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 251 000–ზე მეტი ადამიანი, 32 447 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 14 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 253 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S