
ზალკალიანი – გიგიაძეზე: "ელჩის გამოხმაურება მეც გამიკვირდა. უნდა დაერეკა და ეკითხა, რა მდგომარეობაა"
08/10/2020 09:28:33 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დანიაში საქართველოს ელჩ გიგი გიგიაძეს საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებამდე საგარეო უწყებაში "უნდა დაერეკა და გაერკვია რა მდგომარეობაა".
"ელჩის მხრიდან გაკეთებული გამოხმაურება მეც გამიკვირდა, რადგანაც იცით თქვენ, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როცა ის აკეთებს რაიმე განცხადებას, მით უმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე?! ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს განცხადება. ასეთი ზარი არ შემოსულა. თუ არ ვცდები „ფეისბუქ–პოსტის" სახით გამოაქვეყნა ეს და მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ. არ მქონია მასთან კომუნიკაცია სამწუხაროდ, მაგრამ გვექნება და მიეწოდება ყველა ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში საზოგადოებისთვის ცნობილია. ვფიქრობ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის: სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” გუშინ დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
თავად დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
7 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა დანიაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიგი გიგიაძემ ივერი მელაშვილს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მისთვის წარდგენილ ბრალდებას აბსურდული უწოდა:
"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021