
სამხედრო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება რუსეთში: სამი ანალიტიკოსის შეფასება და წყაროები
24/06/2019 17:19:57 თვალსაზრისი, ანალიზი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცენტრალურ სამხედრო ოლქში ბრძოლის მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადა,– იუწყება რუსული მედია. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, შემოწმება მიმართულია „არმიის მზადყოფნის შესაფასებლად, სამხედრო უსაფრთხოება უზრუნველჰყოს“.
მისივე ინფორმაციით, ცენტრალური სამხედრო ოლქის ორგანოები, სამხრეთ და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქების ჯარებისა და ძალების ნაწილი, საჰაერო–სადესანტო ცალკეული ქვედანაყოფები, შორი და სამხედრო–სატრანსპორტო ავიაციის ნაწილები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილები.
„აქცენტი“ შეეცადა, ძალოვან უწყებაში მოეძია ცნობები, შეიმჩნევა თუ არა რუსეთის მხრიდან მორგი სამხედრო აგრესიის ინდიკატორები რუსეთის გართულებული შიდა და საგარეო პრობლემების ფონზე.
„უფრო კუნთების თამაშს ჰგავს, რაღაც გამორჩენა რომ მიიღოს. სადღეისოდ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინდიკატორები იმისა, რომ რუსეთი რაღაც სახის კონცენტრაციას ახდენს, ან საბრძოლო ოპერაციას იწყებს, ან ცხელ ფაზაში გადასვლა უნდა, არ ჩანს. თუმცა თავად საქართველოსთან მიმართებაში საუბრისას ვლადიმირ პუტინი ისეთ ტერმინებს იყენებს – „ევაკუაცია“…. მსგავსი ინდიკატორებიც რომ იყოს, უკვე შემაშფოთებელი იქნებოდა.
თუ ჩვენს გენშტაბთან შეთანხმებული არაა, რომ წინააღმდეგობას არ გაუწევს, არსებული ძალებით ასეთ სამხედრო ოპერაციას ვერ გაბედავს. ეს შეთანხმებაც სადღაც ერთი კვირა იმუშავებს, საბოლოოდ მაინც ხალხთან მოუწევს შეჯახება. თუ სამხედრო ძალების კონცენტრაციას მოახდენს, ძალების გადმოსროლას, საბრძოლო დაჯგუფებას შექმნის, ეს ასე მარტივი არაა, რადგან მასზე დაკვირვება ხორციელდება და ჩვენი პარტნიორებიც აუცილებლად მოგვაწვდიან ინფორმაციას, რომ მსგავსი აქტივობები შეიმჩნევა, თავისთავად გაკეთდება განცხადებებიც. რამდენიმე ძლიერ დაზვერვას აქვს ინტერესი, რუსეთის ასეთი ქმედება გამოავლინოს, შეგვატყობინოს და თავადაც აღკეთოს განცხადებები. ჩვენ ამ ეტაპზე რუსეთისთვის უკრაინის მსგავსი კოზირები არ გვაქვს, ჩვენი ერთადერთი სისუსტეა, მოულოდნელი სამხედრო “ნახტომი“ არ გააკეთოს, მაგრამ ამასაც გარკვეული მომზადება სჭირდება. თუმცა მე ახლა ვსაუბრობ მოკლევადიან პერსპექტივაზე“,– უყვება „აქცენტს“ ძალოვანი.
კითხვაზე, რა შეიძლება იქცეს საბაბად „სამხედრო ნახტომისთვის“, ძალოვანი პასუხობს:
„განვიხილოთ სამი ვარიანტი: დაბომბვები რაღაც საბაბით. ყველაზე მტკივნეული იქნება, თუ ჩვენი პოლიტიკოსებიც აუბამენ მხარს. რამდენიმე ვიცი, რომლისგანაც ეს მოსალოდნელია. პანკისთან დაკავშირებით გაკეთდება რიგი განცხადებები, გაჩნდება ფეიკ–ნიუსები...დაიბომბება თუნდაც დაუსახლებელი ადგილი მსხვერპლის გარეშე და ეს იქნება ჩვენი, როგორც სახელმწიფოს შეურაცხყოფა, მეტიც, „გაბანძება“; მეორე ვარიანტია ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა საბაბით, გარკვეული მონაკვეთები სადავო აღმოჩნდაო; მესამე ვარიანტია სამხედრო ოპერაცია: დაიკავოს თბილისი, მონახოს 10 ტურისტი, რომელმაც ვითომ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ან რაღაც ამდაგვარი და ჩაატაროს „გადარჩენის ოპერაცია“. მსგავსი ოპერაცია რუსეთის ერთ–ერთ ქვედანაყოფს ჩატარებული აქვს პრიშტინას აეროპორტში [კოსოვო]. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ ერთ დღეს, როდესაც დაკავებული ჰქონდათ ტერიტორია, მაგრამ დღემდე ამაყობენ ამით, ევროპას და ამერიკას ვანახეთ ჩვენი ძალაო, უბრალოდ ჩვენ დავთმეთო“.
სამოქალაქო მოძრაობის „თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულება“ ხელმძღვანელი პაატა გიგაური ელის, რომ რუსეთის ფედერაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დაელოდება:
"რუსეთი სამხედრო კუთხით ევროპის ყველაზე არაპროგნოზრებადი ქვეყანაა და მისგან აგრესიული ნაბიჯები არავის უკვირს. ჩემი აზრით რუსები 2020 წლის არჩევნების შედეგებს დაელოდებიან, რამდენ პროცენტს აიღებენ კოლაბორაციონალისტური პარტიები მნიშვნელოვანია მათთვის. უახლოეს მომავალში საქართველოს მიმართულებით სამხედრო სახის გართულება მოსალოდნელი არაა“
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის დავით რაქვიაშვილის შეფასებით, კითხვა, უნდა ველოდეთ თუ არა რუსეთის ფედერაციისგან პრობლემებს, რელევანტური არაა, ვინაიდან რუსეთი ყველა შესაძლებლობას იყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებისა და რეგიონში თუ გლობალურად საკუთარი ნეოიმპერიული ამოცანების შესასრულებლად:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთის ქმედებებს ვაკვირდებოდეთ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და არა იზოლირებულად ერთ–ერთი ინციდენტის პრიზმაში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. თუ უკანასკნელი დეკადის დინამიკას შევხედავთ, არ შეცვლილა რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკა. თუ მანამდე მკაფიოდ იყო გამოკვეთილი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური სამხედრო ავანტიურიზმი, ახლა უფრო ნათლად ვხედავთ მის ეკონომიკური მიმართულებით გააქტიურებას. ცოტა ხნის წინ სანქტ–პეტერბურგში ფორუმი გაიმართა და ხედვა, რომელიც იქ პუტინმა წარადგინა, ასევე გულისხმობდა რევიზიონიზმს არსებული ეკონომიკური ურთიერთობებისა; ვითარების შეფასებისას ასევე ფაქტორია ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე და განგრძობადი კონფლიქტი, რომელში რუსეთი თავსი მეზობლებთან არის ჩართული. საქართველო ფრთხილად უნდა იყოს იმ თვალსაზრისით, რომ რეგიონალურმა პროცესებმა შესაძლოა, ყოველთვის გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია. ყურადღებით უნდა ვაკვირდებოდეთ პროცესებს და აუცილებლად უნდა გვქონდეს პარტნიორების მაღალი ჩართულობა“.
რაქვიაშვილი ამ ეტაპზე მყისიერი აგრესიის ინდიკატორებს ვერ ხედავს:
„ჩემთვის ხელმისაწვდომი ინდიკატორების მიხედვით, პირდაპირი და გარდაუვალი აგრესიის წინაპირობა ჯერ–ჯერობით არ ჩანს. მე ამ მხრივ ალარმისტული არ ვიქნებოდი, რადგან მსგავს პერსპექტივას ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ, მაგრამ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა არის რუსეთის განსაზღვრული, გაცხადებული და თანმიმდევრული პოლიტიკა. ამ პოლიტიკის ნაწილია პასუხი იმ სრულად სამართლიან აღშფოთებაზე, რომელიც მთლიანად საქართველოში იყო რამდენიმე დღის წინ“.
რაქვიაშვილი რუსეთის შიდაპოლიტიკასა და მმართველი ხელისუფლების მიმართ დაგროვილ უკმაყოფილებაზეც ამახვილებს ყურადღებას:
„ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ შიდა პოლიტიკაში პოზიციების გამყარების მცდელობა ყოველთვის საგარეო იდეოლოგიური პარადიგმის ხარჯზე ხდება, იქნებოდა ეს ომი სირიაში, რომელიც ლამის სამამულო ომად იქნა მონათლული რუსული მედიის მიერ, თუ კამპანია უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ. თუნდაც რუსეთის ხელისუფლების ბოლო ნაბიჯი, ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკურად აზარალებს, თუმცა ეს პირველ რიგში იმ ტურისტების წინააღმდეგაც გადაიდგა, რომლებიც საქართველოში ასე მშვიდობიანად ჩამოდიოდნენ. სხვა კუთხითაც თუ შეხედავთ, ესეც ხომ ერთგვარი მანიფესტაცია იყო ქართულ–რუსული ურთიერთობებში – ადამიანები აქ მშვიდობიანად გრძნობდნენ თავს. ეს რუსული რბილი ძალის მანიფესტაციაც არის, მაგრამ კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ხალხებს შორის ნდობის გაჩენის ამოცანასაც ემსახურება: ჩამოსული რუსი ტურისტები საქართველოს ხედავდნენ, როგორც დამოუკიდებელ, დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც ცხოვრება მათთვის გაცილებით უფრო მიმზიდველია, ვიდრე რუსეთის ბევრ რეგიონში. ამდენად ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც იდეოლოგიის მძევალი აღმოჩნდა კრემლი“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021