
აფხაზეთი. მოსკოვის დრო. იმედი იწურება
10/09/2020 17:19:20 კონფლიქტები
“აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების დღესთან” დაკავშირებით დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაურ კოვემ "Апсныпресс"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. წინა წლების ანალოგიურ ინტერვიუებს რომ შევადაროთ, მასში ახალს პრაქტიკულად ვერაფერს ვიპოვით. იგივე ფრაზები იმის შესახებ, რომ “რუსეთის მიერ აღიარება ჭეშმარიტად უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ქვეყნის უახლეს ისტორიაში”, რომ “ამას დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ მოქალაქეები რუსეთის მიერ დაცვისა და მფარველობის იმედით”… თუმცა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების ბოლოდროინდელი გაგრილების ფონზე (რაც მოსახლეობისთვის საიდუმლოს კარგა ხანია, აღარ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები თავის სადღესასწაულო განცხადებებში ახლაც ცდილობდნენ, საგულდაგულოდ მიეჩქმალათ) ახალ ინტერვიუში მაინც არის ერთი-ორი ფრაზა, რომელიც რაღაც ახალზე, კერძოდ პესიმიზმზე მეტყველებს.
მაგალითად, კოვე ამბობს: “ჩვენ ამას [აღიარებას] უკვე შევეჩვიეთ, ამიტომაც აღვიქვამთ მას, როგორც რაღაც თავისთავადს და ხანდახან სრულად ვეღარ ვაცნობიერებთ 2008 წლის 26 აგვისტოს მოვლენის მნიშვნელობას”.
რაღა თქმა უნდა, ამას მოსდევს “დამაიმედებელი” ფრაზები იმის შესახებ, რომ “პატარა აფხაზეთმა მიიღო დიპლომატიური აღიარება მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყნის, გავლენიანი საერთაშორისო მოთამაშის, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრისაგან” და რომ “აფხაზ ხალხს მიეცა ნანატრი შანსი უსაფრთხო და თანმიმდევრული განვითარებისთვის”. მაგრამ დღეს - 12 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ისე დამაიმედებლად ვეღარ ჟღერს, როგორც პირველ წლებში, როცა აფხაზეთის მაცხოვრებლებს მართლაც სჯეროდათ რუსეთის მიერ დაპირებული “ყოველმხრივი დახმარების”. მეტისმეტად მდორედ მიდის პროცესი. მოსახლეობის მეტისმეტად მცირე ნაწილი გრძნობს საკუთარ თავზე დაპირებულ პოზიტიურ ცვლილებებს. მეტისმეტად ბუნდოვნად მოჩანს ჰორიზონტზე დაპირებული ნათელი მომავალი...
და მართალია, კოვე განწყობების შეცვლას “მიჩვევით” ხსნის, მაგრამ ყველას ესმის, რომ აქ საქმე მხოლოდ მასში არ არის. პესიმიზმის მთავარი მიზეზი 12 წლის თავზე სასურველთან თუნდაც ოდნავ მიახლოებული შედეგების არარსებობაა. თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით “უსაფრთხოების დაცულობას” – მნიშვნელოვანს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა თბილისის დაუოკებელი სურვილის, “თავს დაესხას, დაგლიჯოს, გააცამტვეროს”. სწორედ ამიტომ ჟღერს ფრაზა “უსაფრთხო და თანმიმდევრული განვითარების ნანატრი შანსის” შესახებ არადამაჯერებლად, განსაკუთრებით – საკვანძო სიტყვა “განვითარების” ნაწილში. მარტივად რომ ვთქვათ, იმედი გაქრა არა იმიტომ, რომ ხალხი უსაფრთხო ცხოვრებას მიეჩვია, არამედ იმიტომ, რომ ამას არავითარი განვითარება არ მოჰყოლია – არც ეკონომიკის, არც საერთაშორისო აღიარების, არც “სახელმწიფო” ინსტიტუტების ჩამოყალიბება-გაძლიერების, არც დემოკრატიის, არც მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცულობის, არც რაიმე სხვა კუთხით. და, რაც მთავარია, ვერავითარ ნიშანს იმისა, რომ განვითარება ხვალ მაინც დაიწყება, აფხაზეთში ამ დრომდე ვერავინ ხედავს.
თუ რთული ეკონომიკური მდგომარეობის ან უფლებებისა და თავისუფლებების დაუცველობის გამო პასუხის უშუალოდ კოვესთვის მოთხოვნა მთლად მართლზომიერი არ იქნებოდა, საერთაშორისო აღიარება ნამდვილად მისი სფეროა. და აქ (ჯერ – მისი წინამორბედების, შემდეგ – უკვე კოვეს) 12-წლიანი მოღვაწეობის შედეგები საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. რუსეთის შემდეგ, მისივე ზეწოლით აფხაზეთი აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, სირიამ – საეჭვო რეპუტაციისა და ძალზე მყიფე საერთაშორისო მდგომარეობის მქონე ქვეყნებმა, ასევე კუნძულოვანმა სახელმწიფოებმა ნაურუმ, ტუვალუმ, ვანუატუმ, თუმცა ბოლო ორმა მოგვიანებით აღიარების გადაწყვეტილება უკან გაიწვია.
სადღეისოდ სულ ესაა. და ხვალ? - სახვალისოდ კი თავად საერთაშორისო აღიარებაზე პასუხისმგებელი დე ფაქტო მინისტრის განცხადებებიც კი უფრო არსებული სტაგნაციის გამართლების მცდელობას ჰგავს: “საერთაშორისო აღიარების მისაღწევად მუშაობა – ეს ხანგრძლივი, კომპლექსური პროცესია [...] არ უნდა ველოდოთ ამწუთიერ ეფექტს [...] კითხვაზე, როგორია აფხაზეთის სხვა ქვეყნების მიერ აღიარების პერსპექტივები, მარტივი და ცალსახა პასუხი არ არსებობს. აღიარების პერსპექტივები დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, რომელთა მნიშვნელობა შეიძლება, იცვლებოდეს”.
ერთ-ერთ მთავარ ასეთ ფაქტორად კოვე ასახელებს “აშშ-ისა და ევროკავშირის მფარველობით მოსარგებლე საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართულ პოლიტიკას გარე სამყაროსგან აფხაზეთის სრული იზოლაციის მისაღწევად”. და დიახ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარება მართლაც წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. მაგრამ კოვეს შეფასება “გარე სამყაროსგან აფხაზეთის სრული იზოლაციისკენ” თბილისის სწრაფვის შესახებ აშკარად უსამართლოდ ჟღერს. როგორ ეწერება ამ “სწრაფვაში” ყველა ის სამშვიდობო ინიციატივა, რომელსაც თბილისი მთელი ბოლო წლების განმავლობაში დაუღალავად სთავაზობს სოხუმს და რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზებს ყველაზე მოკლე და კომფორტულ გზებს უხსნით სწორედაც რომ გარე სამყაროში გასასვლელად?
ცალკეულმა რიგითმა მოქალაქეებმა ეს შესაძლოა, ამ დრომდე არ იცოდნენ. მაგრამ ვინ, თუ არა კოვემ მშვენივრად უწყის, რომ ერთადერთი პრობლემა ამ გზაზე პოლიტიკური სტატუსია და რომ ის, ვინც ამ პრობლემას ქმნის, საქართველოს ხელისუფლება არ არის! თბილისმა ხომ 2018 წელს, უკვე ფართოდ ცნობილი ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” შემუშავებით საქმით დაამტკიცა, რომ რეალურად არის მზად, პოლიტიკური საკითხები გვერდზე გადადოს და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები პოლიტიკური სტატუსის საკითხისთვის გვერდის ავლით შექმნას! სოხუმს რომ ამ საკითხში თბილისისთვის მიებაძა და დაეწყო ყველა ამ ეკონომიკური, სავაჭრო, სამედიცინო, საგანმანათლებლო შესაძლებლობის რეალიზება, დღეს აფხაზეთის რიგითი მაცხოვრებლები გაცილებით თავისუფლად ისუნთქებდნენ. და იმ გარე სამყაროსთან კონტაქტიც არა უბრალოდ დაუბრკოლებლად, არამედ სპეციალურად მათთვის შექმნილი, მაქსიმალურად კომფორტული პირობებით ექნებოდათ დამყარებული, თანაც ყოველგვარი პოლიტიკური დათმობებისა და ვალდებულებების გარეშე!
რად ღირს ჯერ მხოლოდ შესაძლებლობა აფხაზური პროდუქციისთვის, უპირატესი უფლებით, დაბეგრვის გარეშე გავიდეს საერთაშორისო ბაზრებზე! ან აფხაზი ახალგაზრდებისთვის, უფასოდ მიიღონ განათლება რომელიმე წამყვან ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში! თანაც ეს ყველაფერი – აბსოლუტურად სტატუს-ნეიტრალურად, საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვალდებულების გარეშე!… ჰგავს ეს ყველაფერი “გარე სამყაროსგან აფხაზეთის სრულმასშტაბიანი იზოლაციის მცდელობას”? მე მგონი, არც ისე. უფრო ჰგავს მშვენიერ შესაძლებლობას, დაიწყო სწორედ ის განვითარება, რომლის არარსებობაც ჰბადებს აფხაზეთში მასობრივ პესიმიზმს.
თუ “გარე სამყაროსგან იზოლაციაზე” ვისაუბრებთ, ვინ, თუ არა კოვემ მშვენივრად იცის, ვინ დაუბლოკა თავის დროზე აფხაზეთს კავშირების განვითარება აფხაზურ დიასპორებთან თურქეთში, სირიაში, იორდანიაში… და ახლაც ვინ იწყებს ელვისებური სისწრაფით ათასგვარი წიინაღობის შექმნას სოხუმის თუნდაც მცირე მცდელობის საპასუხოდ, თანამშრომლობა დაამყაროს ნებისმიერ მესამე მხარესთან – არა მარტო თბილისთან, არამედ სხვა სახელმწიფოებთანაც…
რა თქმა უნდა, საჯაროდ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ამას ვერ იტყვის. მაგრამ შეუძლებელია, კოვეს ვერ შეემჩნია ის დამთხვევები, რომლითაც ბოლო თვეებში აფხაზეთში უკვე პრაქტიკულად ყველაა შეშფოთებული. დაფინანსების ჯერ – თანმიმდევრული შემცირება, ხოლო შემდეგ სრული შეწყვეტა; ფსოუს ძალზე არადამაჯერებლად არგუმენტირებული ჩაკეტვა უამრავი აფხაზური ოჯახისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ტურისტული სეზონის დაწყებამდე; ფაქტობრივი სამედიცინო ბლოკადა პანდემიის პერიოდში; პენსიონერების რიგები ეპიდემიის მწვავე ფაზაში. და ბოლოს – ოფიციალური პირების ღიად გაკიცხვა და მუქარები დახურულ შეხვედრებზე...
აფხაზეთში უკვე ფაქტობრივად ყველამ იცის, ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი და რის ფონზე. ყველა ეს ნაბიჯი მოსკოვის მიერ გადაიდგა და ზეწოლა მხოლოდ ძლიერდება იმ ფონზე, რომ აფხაზეთში სულ უფრო ხმამაღლა ჟღერს ხმები თბილისთან შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე. იმაში, რომ მოსახლეობამ ეს “გვერდზე გახედვისთვის” დასჯად აღიქვა, გასაკვირი არაფერია. ისევე, როგორც აფხაზების უკიდურეს აღშფოთებაში.
არადა, ყველაფერი უკვე 2014 წელს იყო ნათელი, უფრო ადრეც კი – როგორც კი განსაჯაროვდა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. დიდი შეთანხმების სამუშაო ტექსტი, რომელიც მთელი რიგი სტრუქტურების, მათ შორის ნებისმიერი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი სისტემების შერწყმას გულისხმობს. ხოლო თუ მთლად გულახდილად ვიტყვით – არათუ შერწყმას, არამედ რუსული სტრუქტურების მიერ აფხაზურის შთანთქმას…
აფხაზურმა საზოგადოებამ უკვე 2014-ში იგრძნო საფრთხე და უკვე მაშინ დაიწყო შფოთვა. მაგრამ ზოგიერთებს, როგორც ჩანს, უბრალოდ ჯერ კიდევ არ სურდათ, დაეჯერებინათ, რომ ყველაზე დიდ დაბრკოლებებს განვითარების გზაზე სწორედ ის ერთადერთი “მეგობარი” უქმნიდათ, რომელსაც ამ 12 წის განმავლობაში ანდობდნენ თავს. ახლა კი, როცა რიგითი მოქალაქეების უმრავლესობამ უკვე თვალნათლივ დაინახა ცვლილებები “სტრატეგიული ძმის” დამოკიდებულებაში, ბევრი მისი რეალური მიზნების საეჭვოობაზეც ალაპარაკდა. თანაც ეჭვები იმის შესახებ, ხომ არ სინჯავს რუსეთი ნიადაგს, რათა ერთ “მშვენიერ” დღეს ადგეს და აფხაზეთი მიიერთოს, არა მარტო რიგითი მოქალაქეების, არამედ ექსპერტების გულებშიც ჩაისახა.
“ის პესიმიზმი, რომელზეც საუბრობთ, მიზანმიმართულად ითესებოდა. მოსკოვის მთელი ბოლოდროინდელი ნაბიჯები რეალური მიზნის მიღწევის იმავე “ოპერიდანაა”. ეს მიზანი კი არა აფხაზეთის “ყოველმხრივი დახმარებაა” სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, განვითარებაში, მომძლავრებაში, მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევაში, არამედ რუსეთის ისედაც უკიდეგანო ტერიტორიისთვის დამატებითი კვადრატული კილომეტრების მიერთება. სადღეისოდ ეს უკვე აფხაზეთშიც გააცნობიერეს” – დარწმუნებულია საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი.
მისივე აზრით, იურიდიული ფუნდამენტი ამისათვის 2014 წლის სწორედ იმ ხელშეკრულებით შეიქმნა, ხოლო როგორც კი ყველა აფხაზური სისტემა სრულად დაექვემდებარება მოსკოვის კონტროლს, კრემლს მისი გეგმის სისრულეში მოსაყვანად მხოლოდ ხელსაყრელი მომენტის შერჩევაღა დარჩება – და ნიადაგის მოსინჯვა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია.
“ეს ყველაფერი დაუშვებელია, რადგან ეწინააღმდეგება აფხაზი ხალხის ინტერესებსა და სურვილს” – ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.
თავად აფხაზეთში ექსპერტები უკვე არათუ “ნიადაგის მოსინჯვაზე”, არამედ “ამ საკითხის გადაწყვეტისთვის სრულფასოვან მზადებაზე” საუბრობენ.
ოფიციალურ პირებს კი ამ კუთხით ეჭვებიც აღარ უნდა ჰქონდეთ შერჩენილი – ბევრ მათგანს ხომ რუსეთის წარმომადგენლებმა ამ გეგმის არსებობაზე უკვე ფაქტობრივად ღიად მიანიშნეს. მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა, მაგალითად, არცთუ შორეულ წარსულში - რუსი სპეციალისტების მიერ აფხაზური ენერგოსისტემის ამასწინანდელი ინსპექტირებისას. “ხომ გესმით, რომ ჩვენი ენერგოსისტემების გაერთიანება - ეს უახლოესი მომავლის საკითხია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ძალზე ოპერატიულად და ხარისხიანად, რათა შემდგომში რუსეთმა არ მიიღოს აფხაზური ენერგეტიკა გლობალური და მძიმე პრობლემებით” – განუცხადეს მაშინ აფხაზური მხარის წარმომადგენლებს პირად საუბარში რუსმა კოლეგებმა.
და აღშფოთება, რომელიც ამის გამო ანონიმურობის დაცვის პირობით იმ ინსპექციის დროს ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა აფხაზმა ჩინოსანმა გამოთქვა, სრულიად გასაგებია: “ისე გვესაუბრებოდნენ, თითქოს ჩვენი გაერთიანების საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყოს და ჩვენ მხოლოდ სტატისტები ვართ, რომლებმაც გარკვეული სამუშაო უნდა შეასრულონ. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და ეს სპეციალისტები ჩამოვიდნენ, რომ ჩვენთვის დავალებები მოეცათ და შემდეგ მათი შესრულება გაეკონტროლებინათ”.
და აი, ყოველივე ზემოთთქმულის ფონზე “მინისტრი” კოვე თავის ინტერვიუში აცხადებს, რომ “აფხაზეთის ხელმძღვანელობა მუდმივ კონტაქტზეა რუს კოლეგებთან, აქტუალურ პრობლემებში საათზე დროს მათსას ადარებს, რეგულარულ კონსულტაციებს მართავს, სახავს სამომავლო გეგმებს”. და ეს – 12 წლის შემდეგ იმ არასახარბიელო რეალობის მიღების პირობებში, რომელიც აიძულებს აფხაზეთის მოსახლეობას, ყოველდღიურად კარგოს მომავლის იმედის ნარჩენები.
იქნებ დროა, საათზე დრო მხოლოდ მოსკოვისას აღარ დაადარონ?
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც იკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენება
__________________________________________________________________
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას
_________________________________________________________________
მასალა მომზადებულია ახალი ამბების სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება