
მოსკოვი თბილისის მოვლენების “სააკაშვილის პროდასავლელი რადიკალების გადატრიალების მცდელობად” წარმოჩენას ცდილობს
21/06/2019 11:19:33 თვალსაზრისი, ანალიზი
მოსკოვი თბილისის 20 ივნისს მოვლენების “სააკაშვილის მიერ მართული რადიკალი რუსოფობების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად” წარმოჩენას ცდილობს.
მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში და დღესაც რუსეთის პროპაგანდისტული მედია აქტიურად აშუქებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ცდილობდა, რაც შეიძლება, ხშირად გამოეყენებინა სიტყვები “რადიკალი”, “რუსოფობი” და “გადატრიალება”.
ეს კამპანია ჯერ კიდევ 19 ივნისს, მაშინვე დაიწყო, როგორც კი რუსულ დეპუტაციას ავლაბრის ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციასთან, სადაც იგი მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნას ესწრებოდა, საპროტესტო აქცია მოუწყვეს.
ცნობისთვის: აქცია რუსული დელეგაციისა და თავად ასამბლეის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, დეპუტატ სერგეი გავრილოვის მხრიდან თბილისში ჩამოსვლისთანავე გაკეთებულ საჯარო განცხადებებს მოჰყვა იმის შესახებ, რომ “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რუსეთმა ისინი აღიარა და თბილისი ამ ახალ რეალობას უნდა შეეგუოს”, მისმა კოლეგებმა კი ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ რუსეთზე, როგორც ოკუპანტზე საუბარს “სასაცილო” უწოდეს.
კიდევ უფრო გააქტიურდა რუსულ მედიაში ეს კამპანია მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ზეწოლით გავრილოვს - პარლამენტის სპიკერატში სპიკერის სავარძელი, შემდეგ მასა და მის კოლეგებს თავად შენობაც დაატოვებინეს, მოგვიანებით კი სასტუმროდან გამოსულს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წყალი შეასხეს.
შემდეგ რუსეთის ხელისუფლება და მას დაქვემდებარებული მედიასაშუალებები უკვე მოვლენებს ასწრებდნენ: სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა “რუსოფობი ექსტრემისტების მიერ პარლამენტის ხელში ჩაგდების მცდელობა” 20 მაისს ჯერ კიდევ 15:30 სთ-ზე “დააანონსა”, მაშინ, როცა პარლამენტთან არათუ შტურმის მცდელობა, უბრალოდ ხალხის შეკრებაც მხოლოდ 19:00 სთ-ისთვის დაიწყო…
“რუსოფობი ექსტრემისტების” ნარატივის გავრცელებაში მოსკოვს მარიონეტი დე ფაქტო ხელისუფლებებიც ეხმარებიან: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე გუშინ ქართველ ოპოზიციონერ დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს “სისხლის სამართლებრივი დავნით” დაემუქრა “აფხაზეთში ჩადენილი მძიმე დანაშაულების” გამო, მიზეზად კი ამ უკანასკნელის მიერ პარლამენტში გავრილოვისთვის ნასროლი ფრაზა დაასახელა: “მე თქვენ გკლავდით და კიდევ მოგკლავთ, აფხაზეთში!”…. მაინც რა სანტერესოდ არის მოწყობილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე “მართლმსაჯულება”: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამსახველილ ვიდეოკადრები და უამრავი თვითმხილველის ჩვენება აფხაზური გამოძიებისთვის მტკიცებულებას არ წარმოადგენს, აი, საქართველოში რუსი ოკუპანტის შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ქცევის საპასუხოდ აფექტის მდგომარეობაში ნასროლი ფრაზა კი სულ სხვა საქმეა!
თავად ბატონი გავრილოვი, რომელიც დაცვის წყალობით გუშინ სამშობლოში უვნებელი დააბრუნეს, დღეს ცდილობს, მამა აბრამის ბატკნად მოგვაჩვენოს თავი, საკუთარი შეურაცხმყოფელი ქმდებები საქართველოს პარლამენტის სპიკერატში “სკამის დაკავებამდე” დაიყვანოს, ამ კუთხითაც მოიხსნას ბრალეულობა - “სადაც მასპინძელმა მიმითითა, იქ მოვთავსდიო” და მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და დასავლეთს დააკისროს:
“ასამბლეის სხდომის მიმართ პროტესტი ორგანიზებული იყო ანტირუსული ისტერიის გამოსაწვევად და საქართველოს, როგორც მართლმადიდებელი სახელმწიფოს დისკრედიტაციისთვის. საქართველოში ვხედავთ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას სააკაშვილთან დაკავშირებული ექსტრემისტული ძალების მხრიდან, რომელთა ქმედებები უცხოეთიდან კოორდინირდება. ეს არა ჩემი პირადი აზრია, არამედ მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის 25-ვე წევრი ქვეყნის, რადგან 20 ივნისს განვითარებული მოვლენებიც არა მარტო რუსული დელეგაციისა და რუსეთის, არამედ 25-ვე წევრი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული. პარლამენტში სხდომაზე შემოჭრილდეპუტატებს გამუდმებით ურეკავდნენ და ისინიც ინგლისურად მოახსენებდნენ ვიღაცას საკუთარ ქმედებებს…”.
ცნობისთვის: 20 ივნისს, საღამოს მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას ძალოვანების მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა. ჯამში დაშავდა სულ მცირე, 240 მოქალაქე, რამდენიმემ თვალი დაკარგა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021