Accentnews.ge
ხარისხიან განათლებაზე წვდომის შეზღუდვა აფხაზური საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება

ხარისხიან განათლებაზე წვდომის შეზღუდვა აფხაზური საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება

21/07/2020 09:05:16 კონფლიქტები

განათლების ხელმისაწვდომობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით. ხარისხიანი განათლების მიღება აუცილებელია ადამიანის არა მარტო ინტელექტუალური, არამედ მორალური განვითარებისთვის, შესაბამისი ღირებულებებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამიტომ ყველა განვითარებული ქვეყანა ძალიან დიდ რესურსს დებს მომავალი თაობების სწავლა-განათლებაში.

ბოლო 30 წლის განმავლობაში აფხაზეთში შექმნილი რეალობის შედეგად ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღება სულ უფრო რთულდება. სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში არსებული განათლების მოძველებული - საბჭოთა სისტემა, აგრეთვე კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვა თანატოლებთან არათანაბარ პირობებში აყენებთ. მაშინ, როდესაც აფხაზეთის მოსახლეობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შვილების განათლებასა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივების შექმნას, ძალიან სამწუხარო და გაუგებარია მიზანმიმართულად დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათლების მიღებაში ხელს უშლით.

საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების წარმატება საყოველთაოდ ცნობილია. ამასთანავე, ქართული უმაღლესი სასწავლებლები ასობით საერთაშორისო უნივერსიტეტში მოხვედრის შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე, ისინი საშუალებას აძლევენ სტუდენტებს, მიიღონ სტიპენდია და უფასოდ ისარგებლონ ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით. ამიტომაც უამრავი უცხოელი სტუდენტი ამჯობინებს, განათლება სწორედ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიიღოს, რომლებსაც ორმხრივი ურთიერთობები აქვთ ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან.

აფხაზეთის რეგიონში ბევრს, მათ შორის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც განათლება სწორედ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აქვთ მიღებული, თუმცა წმინდა პოლიტიკური მიზეზით იძულებულები არიან, ბიოგრაფიაში ეს ფაქტი გამოტოვონ. 21-ე საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს განათლების საკითხის იმგვარი პოლიტიზირება, რომ ადამიანებს მიღებული კვალიფიციური განათლების დამალვა უწევდეთ.

ენგურის ხიდის დაკეტვისა და განხორციელებული ზეწოლის შედეგად აბიტურიენტებს, სამწუხაროდ, არ ეძლევათ საშუალება, თავისუფლად გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებსა თუ სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლებიც განათლებაზე წვდომის გასამარტივებლად სპეციალურად მათთვის შეიქმნა. ენგურის ხიდი 2019 წლის 28 ივნისს - სწორედ იმ დროს დაიკეტა, როდესაც მეორე მხარეს ეროვნული გამოცდები იწყებოდა. გალის რაიონის იმჟამინდელი ე.წ. ადმინისტრაცია სათითაოდ დასდევდა სტუდენტებს, რომელთა ნაწილი ჩუმად გადმოვიდა ქრთამის გადახდის ან საკუთარი ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის რისკის ფასად. მათთვის, ვინც გადმოსვლა ვერ მოახერხა, საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხვის თაობაზე.

ზეწოლის შედეგად ზოგიერთი სტუდენტი იძულებული გახდა, ადგილობრივ სასწავლებელში ჩაებარებინა. თუმცა მოგვიანებით მათ შეძლეს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მობილობის პროგრამა გამოეყენებინათ, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უგამოცდოდ გააგრძელონ სწავლა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში და სწავლის სრული დაფინანსება მიიღონ.

დაკეტილ ენგურს წელს რუსეთის ФСБ-ს ოფიციალური, ინდივიდუალური გაფრთხილებაც დაემატა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება, რომ „საზღვრის უკანონო კვეთის“ შემთხვევაში მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ. ეს ფაქტობრივად, პირდაპირი მუქარა იყო და კიდევ უფრო მძიმე ფორმა ჰქონდა ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, სადაც ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს განუცხადეს, რომ «თუ მეორე მხარეს გადავიდოდნენ, უკან ვერასდროს დაბრუნდებოდნენ».

აფხაზეთის რეგიონში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა უარყოფითად აისახება რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხარისხზე. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში მათთვის რთულია ეროვნულ გამოცდებზე კონკურენციის გაწევა ენგურს მიღმა მცხოვრები თანატოლებისთვის. სწორედ ამიტომ, თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და განათლებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თბილისმა განსაკუთრებული მიდგომა შეიმუშავა.

აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებისთვის 2019 წელს სკოლისშემდგომი მოსამზადებელი პროგრამა შეიქმნა, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ან ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე რამდენიმევიანი მოსამზადებელი კურსის გავლას, ყოველთვიურ სტიპენდიას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ერთ-ერთი ინსტრუმენტია და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ მოხვედრის შესაძლებლობას იძლევა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 2019 წელს ამ გზით საქართველოს უნივერსიტეტებში 139, ხოლო 2020 წელს 180 სტუდენტი ჩაირიცხა. ჯამში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, გაორმაგდა.

ქართული ენის არმცოდნე აფხაზი ახალგაზრდებისთვის შექმნილია განსხვავებული, 1+4 პროგრამა, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტებში მოხვედრის შესაძლებლობას მხოლოდ აფხაზური ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე იძლევა.

აფხაზეთის რეგიონიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ნებისმიერი ზემოაღნიშნული გზით მოხვედრილი სტუდენტი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით და განათლებას სრულიად უფასოდ იღებს. ამასთან, მას შესაძლებლობა აქვს, ისწავლოს როგორც ქართულ-, ისე რუსულ- ან ინგლისურენოვან ფაკულტეტზე, ხოლო სწავლის პროცესში ან მისი დასრულების შემდგომ განათლების მიღება საერთაშორისო სტიპენდიითა და პროგრამით გააგრძელოს.

განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია, რომ განათლების მიღების ეს შესაძლებლობები არ უკავშირდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფლობას. სამშვიდობო ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შეიქმნა სრულიად ნეიტრალური ინსტრუმენტი - პირადი ნომრით რეგისტრაცია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებასა და სრული დაფინანსების მიღებას აფხაზური დოკუმენტების საფუძველზე მიღებული ინდივიდუალური ნომრით. აღსანიშნავია, რომ პირადი ნომერი საქართველოში ყველა კატეგორიის პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ენიჭებათ.

საქართველოს კანონმდებლობით სრულიად ნეიტრალური პროცედურაა გათვალისწინებული აფხაზეთის რეგიონში მიღებული ზოგადი თუ უმაღლესი განათლების აღიარებისთვისაც. 2017 წლიდან ეს პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. შედეგად, განათლების აღიარების საბუთის მიღება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეობის მიღების, ენგურზე გადმოსვლის თუ მოწმეების წარმოდგენის გარეშე - ონლაინ-განაცხადის წარდგენის გზითაც, მათ შორის - აფხაზურ ენაზე როგორც პირადად, ისე პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის მეშვეობით. აღიარების ამგვარი დოკუმენტი როგორც სწავლის გაგრძელების, ისე დასაქმების შესაძლებლობას იძლევა.

ხარისხიანი განათლების მიღების ეს უნიკალური შესაძლებლობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რადგან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, მათთვის ამგვარი განათლების საკუთარი სახსრებით მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია.

სტუდენტები, რომლებიც განათლებას წამყვან საგანმანთლებლო დაწესებულებებში მიიღებენ, საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. შესაბამისად, როგორც ქართული, ისე აფხაზური საზოგადოების ინტერესშია, ახალგაზრდებს მიეცეთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სწავლის შესაძლებლობა, ხოლო აფხაზეთის რეგიონში ჯერ კიდევ არსებული პოლიტიკა, რომელიც ამ უნიკალურ შესაძლებლობებს ხელოვნურად ზღუდავს, ამ მხრივ სრულიად გაუმართლებელია და თავს მოხვეული. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოების ინტერესებს. ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ აფხაზური კანონმდებლობა არ აღიარებს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთში დაბრუნებულ კვალიფიციურ ახალგაზრდებს საშუალება არ ეძლევათ, საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში, მათ შორის - ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ეკოლოგიის თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. არსებული ზოგადი სტატისტიკით, საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის დასრულების შემდეგ აფხაზეთის რეგიონში ახალგაზრდების არაუმეტეს 26% ბრუნდება, დაბრუნებული პირებიდან მხოლოდ 22% ახერხებს დასაქმებას, 78% კი უმუშევარი რჩება.

ამასთან, აფხაზ თანატოლებთან შედარებით, ეთნიკურ ქართველებს კიდევ უფრო მეტი ხელოვნური დაბრკოლება ექმნებათ: მათ უარს ეუბნებიან ადგილობრივი დოკუმენტების მიღებაზე, რაც დასაქმების აუცილებელი პირობაა. ამიტომაც სტუდენტების უმრავლესობა სწავლის დაწყების დროისთვის უკვე ამბობს, რომ აღარ აპირებს, დაბრუნდეს.

დასტური იმისა, რომ აფხაზეთის რეგიონში არსებული განათლების პოლიტიკა თავსმოხვეულია. არის ისიც, რომ სტუდენტებისა და მათი მშობლების დაშინებისა თუ გადაადგილების უეცარი შეზღუდვის ფუნქცია თავის თავზე ФСБ-ს აქვს აღებული.

იმ ვითარებაში, როცა აფხაზურ საზოგადოებას განვითარება სჭირდება, არაერთი დარგის სპეციალისტები აკლია და ამ დრომდე განათლების საბჭოთა სისტემა აქვს, სწორედ მის ინტერესშია, ხელი შეუწყოს მისი წევრების მიერ ხარისხიანი განათლების მიღებას, სხვადასხვა პროფესიების დაუფლებას და, რაც მთავარია, უკან დაბრუნებას, რათა იმუშავონ და მიღებული ცოდნა ამ საზოგადოების საკეთილდღეოდ გამოიყენონ.

ის, რომ აფხაზეთში არ არიან საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებული ახალგაზრდა სპეციალისტები, თანამედროვე ცოდნითა და ხედვით, გამოწვევაა ქართული საზოგადოებისთვისაც. კვალიფიციური კადრების აღზრდა და მშობლიურ გარემოში დაბრუნება არის აფხაზებისა და ქართველების საერთო ამოცანა, რადგან აფხაზეთის რეგიონის დაცარიელება და ახალგაზრდების გადინება არც ქართველების, არც აფხაზების ინტერესში შედის.

თამარ ქოჩორაძე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

_____________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია ახალი ამბების სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S