პოლონეთის საელჩოს შემდეგ საქართველოში მოგზაურობის მსურველებს საფრანგეთის საელჩოც აფრთხილებს.
საელჩო მოგზაურებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ფაქტორები, რის გამოც, შესაძლოა, ქვეყანაში არ შემოუშვან - ეს ფაქტორი შეიძლება იყოს საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ან სოციალურ მედიაში აქტივობა.
"საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე შეიძლება უარი უთხრან საქართველოს მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელსაც კი. მოგზაურებს მოვუწოდებთ, გამგზავრებამდე შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლას, მათ შორის ეს შეიძლება იყოს საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ან სოციალურ მედიაში აქტიურობა. საქართველოს ტერიტორიაზე ხელახალი შესვლა შეიძლება განპირობებული იყოს მსგავს აქციებში სავარაუდო მონაწილეობისთვის მძიმე ჯარიმების დაუყოვნებლივ გადახდით", - წერს საელჩო.
მანამდე მსგავსი განცხადება გაავრცელა პოლონეთის საელჩომ.
მთავრობის მხრიდან ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, საელჩო აღნიშნულ ადამიანებს მოუწოდებს მგზავრობამდე გაითვალისწინონ, არსებობს თუ არა ინდივიდუალური ფაქტები, რომელიც გაზრდის საქართველოში არ შემოშვების რისკს.
საელჩოს განცხადებით ეს რისკები შეიძლება მოიცავდეს, აქციებში მონაწილეობას, ან აქტივობას სოციალურ ქსელებში.