Accentnews.ge
კრემლი ოსებს კვლავ ლუგარის ლაბორატორიით აშინებს

კრემლი ოსებს კვლავ ლუგარის ლაბორატორიით აშინებს

26/04/2019 18:21:23 კონფლიქტები, სხვა, მითები და რეალობა

ამ დღეებში რუსეთის სამთავრობო დელეგაციის ცხინვალში ვიზიტის დროს სხვა საკითხებთან ერთად, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინაშე მდგომი ეპიდემიოლოგიური და სანიტარული საფრთხეებიც” განიხილეს.

გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი უძღვებოდნენ, ოსური “სელხოზნადზორის” ხელმძღვანელმა ალან მაგიევმა შეკრებილთ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ უამბო.

«რესპუბლიკის მასშტაბით მონიტორინგს ვახორციელებთ და ფაროსანა საქართველოსთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე – ძაუსისა და ზნაურის [ოსური სხელწოდებები – რედ.] რაიონების სოფლებშია აღმოჩენილი. მისი გავრცელება მასობრივ ხასიათს არ ატარებს, თუმცა არსებობს დათბობასთან ერთად მავნებლის უფრო ფართო გავრცელების საშიშროება», - აღნიშნა მან.

ოსური უწყების ხელმძღვანელმა რუსულ “როსსელხოზნადზორს” ფერომონული ხაფანგების პარტიის მიწოდების თხოვნით მიმართა.

თავის მხრივ, რაშიდ ნურგალიევმა “მდგომარეობის სირთულეს” გაუსვა ხაზი:

"შევისწავლეთ ეს პრობლემა. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს რაიმე შტამი იყოს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიამ მოიტანა. ვვარაუდობთ, რომ ეს სხვადასხვა ვირუსების გავრცელების ნაირსახეობაა. ეს ეროვნული უსაფრთხოების ელემენტია და მასთან საბრძოლველად შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო», - აღნიშნა მან.

თბილისში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თემას კრემლი ანტიქართულიპროპაგანდისთვის პერიოდულად იყენებს. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს.  პირიქით.

ასე, მაგალითად, ექსპერტთა 23-კაციანმა ჯგუფმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ მოწვეულები, ერთხმად განაცხადეს, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა; მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“.

რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების ბოლოდროინდელი განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა, მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების" დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S