Accentnews.ge
ვინ არის რუსი მილიარდერი, რომელიც ლევან ვასაძეს საქართველოში პოლიტიკური მიზნებით დააფინანსებს

ვინ არის რუსი მილიარდერი, რომელიც ლევან ვასაძეს საქართველოში პოლიტიკური მიზნებით დააფინანსებს

26/03/2019 09:38:42 თვალსაზრისი, ანალიზი

არაოფიციალური ინფორმაციით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე 2020  წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. როგორც„აქცენტისთვის“ გახდა ცნობილი, ვასაძეს ფინანსურად რუსი მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკოვი უზრუნველყოფს.

„ვასაძეს გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმა, ფიქრობს, რომ მისი სახით ასპარეზზე ე.წ მესამე ძალა შეიქმნება. ვასაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავს. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, მას რუსი მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკოვი დააფინანსებს. ვასაძე მას უკვე შევხდა და მათ შორის შეთანხმებაც შედგა“ – უყვება „აქცენტს“ წყარო.

შევეცადეთ, ინფორმაცია ლევან ვასაძესთან გადაგვემოწმებინა, თუმცა ის ამ დროისთვის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ვინ არის ვლადიმირ ევტუშენკოვი

ვლადიმირ ევტუშენკოვი ცნობილი რუსი მეწარმე, მილიარდერი, რუსული საინვესტიციო კომპანია „სისტემას“ მსხვილი აქციონერი და თავმჯდომარე გახლავთ.

წლების განმავლობაში საინჟინრო საქმიანობისა და რამდენიმე საწარმოს დირექტორის მოადგილეობის შემდეგ, 1987 წელს მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მიწვევით იგი საქალაქო აღმასრულებელ კომიტეტში გადავიდა სამუშაოდ და 1990 წელს მეცნიერებისა და ტექნიკის საქალაქო კომიტეტს ჩაუდგა სათავეში. 1991 წელს მის მიერ ჩამოყალიბები საააქციო საზოგადოება „რეგიონი“ რუსულ–ამერიკული კომპანია „ორდინკას“ [მოსკოვის ცენტრში ძველი შენობების რეკონსტრუქციით იყო დაკავებული] ერთ–ერთი დამფუძნებელი გახდა.

1993 წელს ევტუშენკოვმა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა სააქციო ფინანსური კორპორაცია „სისტემა“, რომლის საქმიანობამ ეკონომიკის ერთდროულად რამდენიმე სექტორი მოიცვა. სადღეისოდ ამ კორპორაციაში უამრავი სხვადასხვა საწარმო შედის, რომელიც ენერგეტიკით,  ხე–ტყის გადამუშავებით, ფარმაცევტიკით, ტელეკომუნიკაციებით, ტურიზმით და სხვა სექტორული საქმიანობით არის დაკავებული. ევტუშენკოვი ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა და უმსხვილესი აქციონერი – ფლობს აქციათა 64,189%–ს. 

1997–1999 წლებში ევტუშენკოვი ტელეკომპანია „ტვ ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა, 2002 წელს კი ინვესტირება განახორციელა ტელეკომპანია „მეექვსე არხში“.

2000 წლიდან ევტუშენკოვი რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის მმართველი ბიუროს წევრია, ხოლო 2001 წლიდან – ამავე კავშირის სამრეწველო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი; 2002 წლიდან – რუსეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის მმართველი საბჭოს და სამეცნიერო–ინოვაციური პოლიტიკის სამთავრობო კომისიის წევრი, რუსეთ–არაბეთის საქმიანი საბჭოს თავმჯდომარე, რუსეთის პრეზიდენტთან მოქმედი მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების საბჭოს, რუსეთი მთავრობის მეწარმეობისა და კონკურენტუნარიანობის საბჭოს, კორპორატიული მართვის ეროვნული საბჭოს წევრი.

2010 წელს, დსთ–ის ქვეყნების ეკონომიკურ ფორუმზე ევტუშენკოვი „დსთ–ში ბიზნესის ლიდერად“ დასახელდა და გადაეცა დიპლომი „თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“.

2005 წლიდან ევტუშენკოვი „ფორბსის“ ვერსიით რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენთა ათეულში შედის. მისმა ქონებამ მაქსიმალურ ნიშნულს 2008 წელს მიაღწია და 10,3 მლრდ დოლარი შეადგინა.

სისხლის სამართლის საქმე

2014 წლის აპრილში „ბაშნეფტის“ აქციათა მითვისების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელშიც ამ ნავთობკომპანიის ხელმძღვანელის სახელთან ერთად, ევტუშენკოვის კომპანია „სისტემაც“ ფიგურირებდა. 2016 წლის ოქტომბერში მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ „ბაშნეფტი“ და რამდენიმე სხვა საწარმო ბაშკირეთში უკანონოდ იყო პრივატიზებული. „სისტემას“ „ბაშნეფტის“ აქციათა 81,67% ჩამოართვეს და სახელმწიფოს დაუბრუნეს.

ოჯახის პირადი საინვესტიციო ფონდი

ევტუშენკოვის ოჯახი ფლობს საინვესტიციო ფონდ „Redline Capital Management“–ს, რომლის განვითარებით ლონდონში ბიზნესმენის ქალიშვილი ტატიანაა დაკავებული.

ანალიტიკოსის პოზიცია

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილითვლის, რომ  „რაც არ უნდა შექმნას კრემლმა საქართველოში, ქართველი ხალხი მას ხმას არ მისცემს“.

„კრემლის ყველა მცდელობა, დაემონებინა საქართველო, უშედეგოდ დასრულდა. ასე იქნება მომავალშიც. ის მილიონები, რომელსაც პრორუსულ პარტიებს დაახარჯავენ, ისეთივე უშედეგო იქნება, როგორიც აქამდე იყო. საქართველოს არჩევნებში ღიად პრორუსული პარტია ვერასოდეს გაიმარჯვებს“ – განუცხადა „აქცენტს“ ანალიტიკოსმა.

მისივე თქმით, „დღევანდელ რუსეთში ვერ იქნება მილიარდერი, რომელიც არ შეასრულებს კრემლის დავალებას“.

„იშოვე ფული – გადაიხადე გადასახადი პრორუსული ძალების დასაფინანსებლად, ასეთი ფორმულა მოქმედებს“ – დასძენს ანალიტიკოსი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S