
EBRD:“გვაქვს მოლოდინი, ანაკლიის საკითხზე მთავრობასთან შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება“
25/04/2019 15:45:41 თვალსაზრისი, კომენტარი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას უახლოეს მომავალში ელოდება.
ამის შესახებ „აქცენტს“კავკასიაში EBRD–ის რეგიონულმა დირექტორმა კატერინა ჰენსენმა განუცხადა.
„EBRD საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად ამ შეხვედრას დაესწრება. შეხვედრის თარიღი ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ იგი უახლოეს მომავალში გაიმართება“, – განაცხადა ჰენსენმა.
ანაკლიის პორტის საკითხზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საქართველოს მთავრობის წევრების შეხვედრის თარიღი კვლავ უცნობია.
„ჯერ-ჯერობით კონკრეტული თარიღი არ არის ჩანიშნული. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საერთაშორისო ბანკებთან, ანაკლიის კონსორციუმთან, თუმცა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კონკრეტული თარიღის დანიშვნაზე ჯერ არ გვისაუბრია“ - განუცხადეს „აქცენტს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 23 აპრილს.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 12 აპრილს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორებთან შეხვედრისთვის მზად არიან.
„ამჟამად ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ინვესტორ ბანკებთან თარიღთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ აპრილში გაიმართება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021