
უსაფრთხოების ექსპერტი – ანაკლიის პორტზე: „როცა ვერ ბლოკავ, ცდილობ, იქ იყო წარმოდგენილი“
17/02/2019 20:12:49 თვალსაზრისი, ინტერვიუ
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ 10 წლის წინანდელ საქმეზე დაწყებულმა გამოძიებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის, გაჩნდა კითხვები და ეჭვები უშუალოდ ანაკლიის პორტის მომავალთან დაკავშირებითაც, რომელიც მოცემული მომენტისთვის საქართველოს სტრატეგიულ ობიექტად განიხილება.
ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე, მის ირგვლივ თავმოყრილ აქტორებზე და იმაზე, თუ ვის ინტერესში შედის პორტის ფუნქციონირების შეფერხება „აქცენტი“ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტს გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.
გიორგი გობრონიძე: შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, „სხვა პორტებიც გვაქვს და მათ ვერ ვამუშავებთ სრული სიმძლავრით და კიდევ ახალი პორტი რატომ იქნება საჭიროო“. მაგრამ ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და მას სერიოზული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ინფრასტრუქურული და ეკონომიკური, არამედ, სამხედრო თვალსაზრისით: თუ საქართველო ოდესმე გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ეს პორტი შეძლებს, ითამაშოს გარკვეული როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში, მათ შორის, ვგულისხმობ ეკონომიკურ უსაფრთხოებას. პორტი აჩენს ალტერნატიულ მარშრუტებს ცენტრალური აზიის აქტორებისათვის. რუსეთს რომ დავუჯეროთ, აქ შესაძლოა, სამხედრო გემებიც ვიხილოთ – ამერიკული. რაც მგონია, რომ მაინც გადაჭარბებული მსჯელობაა იმავე სერიიდან, საიდანაც მოდიოდა ლუგარის ლაბორატორიაზე ატეხილი მითები. მაგრამ მთლიანობაში, პორტს საკმაოდ სერიოზული როლის თამაში შეუძლია რეგიონში სტაბილური განვითარების უზნრუნველყოფის თვალსაზრისით, თუკი ის ამუშავდება ისე და იქნება ისეთი, როგორსაც გვპირდებიან.
– ხშირად გვესმის, რომ პორტს რეგიონის მასშტაბით სტაბილურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია. განვუმარტოთ მკითხველს, რას გულისხმობს ...
ერთის მხრივ, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და მისი შესაძლებლობა ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისითაც აღემატება ბათუმის და ფოთის პორტების შესაძლებლობებს და აქედან გამომდინარე, აჩენს ალტერნატიულ საზღვაო მარშრუტს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებითვის ტვირთების დასავლეთში გატანისთვის და ზოგადად, აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის. ახლახანს იყო ლაპარაკი ავღანეთიდან ტვირთების საქართველოს გავლით ტრანზიტზე. ასეთი პროექტებისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმზიდველობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან მას ექნება სრულფასოვანი ინსფრასტრუქტურა, რათა ბოლომდე ჩაერთოს მსგავს პროექტებში.
„რაც უფრო მეტი ეკონომიკური ინტერესია წარმოდგენილი კონკრეტულ არეალში, მით უფრო მაღალია მისი სტაბილურობის ხარისხი.“
თუ სადღაციდან ვიღაც იღებს შემოსავალს, მას არ სჭირდება რომ იქ იყოს დესტაბილიზაცია, კონფლიქტი, არეულობა და ა.შ., რადგან ეს საბოლოო ჯამში ისევ და ისევ მის ეკონომიკურ სარგებელს შეუქმნის საფრთხეს. მეორეს მხრივ, ეს გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ გვინდა თუ არა, ვართ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცენტრალურ პოზიციაზე მყოფი ქვეყანა – ერთგვარი ჰაბი და შეიძლება, ითქვას, რომ ერთგვარი გადაკვეთის წერტილი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული რთული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერება პირდაპირ აისახება ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობას – ჩვენი ეკონომიკის გაძლიერება შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას იგივე გარე აქტორებზე, შესაბამისად, შევძლებთ, უფრო მეტად გავაძლიეროთ გნებავთ ჩვენი გეოპოლიტიკური როლი, საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობა მთლიანად რეგიონისთვის. გარდა ამისა, თუ ეს პორტი სამხედრო დანიშნულებით არ იქნება გამოყენებული, მას მნიშვნელობა ექნება სამხედრო ტვირთების გადაზიდვისთვის და ა.შ. თუნდაც, სამხედრო გემების მიღების თვალსაზრისითაც. გვახსოვს 2008 წლის ომი, როდესაც ბათუმის პორტს გაუჭირდა, მიეღო ამერიკული მე–6 ფლოტილიის ფლაგმანი. ამ თვალსაზრისითაც ჩვენ უფრო მეტად ვიქნებით მომზადებულები, რომ ჩვენს მოკავშირეებთან სხვა ტიპის ურთიერთობა გვქონდეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ამდენად, საკმაოდ ბევრი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს ამ პორტის მნიშვნელობას მთლიანად რეგიონისთვის. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. შავი ზღვაზე ასეთი ძირითადი ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ სანაპიროზე არის მოსკოვის ხელში, განსაკუთრებით ყირიმის ანექსიის შემდეგ და უკრაინას ოდესის პორტი აქვს – დიდი და მნიშვნელოვანი.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ ტიპის პორტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიოზე ნაკლებად არის და ეს იქება მართლაც გამონაკლისი და მნიშვნელოვანი.
– ვის ინტერესში არ შედის პორტის მშენებლობა?
ცხადია, რუსეთის. შავი ზღვის აუზში ნებისმიერი ასეთი პროექტის განხორციელება, ნებისმიერი ძალთა გადათამაშება პირდაპირ აზიანებს რუსულ როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ ინტერესს. მოსკოვი იმითაც უკმაყოფილოა, რომ შავ ზღვაში, თუნდაც სამხედრო ყოფნის თვალსაზრისით, იგი არ არის პირველი – მას გაცილებით აღემატება ნატო–ს კოალიცია თურქეთის ხარჯზე, რომელიც შავ ზღვაში თავისი ძლიერებით პირველი სახელმწიფოა. გარდა ამისა, ნებისმიერი ალტერნატიული მარშრუტის გაჩენით რუსეთი ტვირთების გარკვეულ ნაწილს დაკარგავს. შესაბამისად,
„მოსკოვი დანტერესებულია პორტის მშენებლობის შეჩერებით“.
ამას ისიც ადასტურებს, რომ ნებისმიერი რუსი ე.წ. ექსპერტი, მეცნიერი თუ პოლიტიკური მოღვაწე ხშირად საუბრობს, რომ როგორც ყარსი–ახალქალაქის რკინიგზა, ისე ანაკლიის პორტი სამხედრო–პოლიტიკური პროექტებია. გავიხსენით ლავროვის ბოლო ინტერვიუ. ჟურნალისტი პირდაპირ „აწვება“ მას, „ხომ ხედავთ, ქართველები ანაკლიაში ამერიკლეებთან ერთად აშენებენ ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც შეძლებს, მიიღოს ამერიკული წყალქვეშა ხომალდები და ჩვენ ამ ფონზე არაფერს ვაკეთებთ“. ლუგარის ლაბორატორიის პარალელურად რუსულ მედიაში პერიოდულად არის ამ თემაზე საუბარი – თითქოს, ეს არ არის ეკონომიკურად რენტაბელური და მომგებიანი პროექტი.
„რატომღაც, რუსი ექსპერტების გარდა დედამიწის ზურგზე ვერავინ ხედავს, რომ თურმე ანაკლიის პორტი ფინანსურად წამგებიანია და მისი აშენებით ისევ ჩვენ დავზარალდებით. როგორ ფიქრობ, რუსი ექსპერტები მართლა ამაზე ნერვიულობენ?“
ამდენად, ანალკლიის პორტი უპირველესად, მათ არ აწყობთ, დასავლეთს კი სჭირდება სტაბილური, აზიის სახელმწიფოებს – დივერსიფიცირებული მარშრუტები და თავისთავად ცხადია, არიან დაინტერესებული მშენებლობით. იგივე ჩინეთს გააჩნდა ინტერესი, რომ ფინანსურად შესულიყო და ყოფილიყო პორტის ერთ–ერთი მფლობელი. ამდენად, ვის არ აწყობს, ამაზე პასუხი ცალსახაა.
– კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ რუსული მხარე დაინტერესებულაი პორტის ყიდვით...
როდესაც რაღაცის დაბლოკვას ვერ ახრხებ, ცდილობ, იქ იყო წარმოდგენილი. მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ინფორმაციას, მაგრამ მთლიანობაში, არ არის გამორიცხული, ამგვარი ინტერესი არსებობდეს, რადგან ამგვარი ინტერესის არსებობა ბუნებრივია.
– მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში თქვენ საფრთხეებს ხედავთ?
თუ ამ ინფრასტრუქტურული პროექტის საკონტროლო პაკეტის მფლობელი თეორიულად რუსული კომპანია აღმოჩნდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რა თქმა უნდა, საფრთხე იქნება: შესაძლოა, ხელოვნურად მოხდეს პორტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა, რათა ის არ იყოს მიმზიდველი სხვა ქვეყნებისთვის. შეიძლება, ეს იყოს ფასების ხელოვნურად გაძვირება, ხელოვნური შეფერხებები და ა.შ. შესაძლოა, ნორმალურადაც ამუშაონ, მაგრამ დაიქვემდებარონ ისევე, როგორც არის სომხეთის გაზგამანაწილებელი სტრქუტურა. სომხეთმა რაც არ უნდა ისაუბროს თავისი ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე და მოახერხოს ეს, პრობლემა სხვა რამეშია – იქ ყველა მილსადენი ეკუთვნის „გაზპრომს“, შესაბამისად, დიახ, გაზს არ იყიდის რუსეთისგან, მაგრამ რუსულ მილში გაატარებს, ხოლო მილის მომსახურეობის საფასურად რუსეთი მისი სურვილისამებრ დააწესებს. ამდენად, სომხეთი ენერგეტიკულად მაინც რჩება რუსეთის ტყვეობაში. ანალოგიური სიტუაცია იქნება ჩვენს შემთხვევაშიც. თუ რუსები შეძლებენ ჩვენი პორტების ხელში ჩაგდებას, შესაძლოა, არც შეაფერხონ მათი მუშაობა, მაგრამ ეს უბრალოდ მათი იქნება და თავად მიიღებენ იმ სარგებელს, რაც წესით ქვეყანას უნდა მიეღო.
– რუსეთს აქვს ბერკეტი, მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების მიზნით, ჩვენს ხელისუფლებაზე ზეწოლის განსახორციელებლად?
პრობლემა იმაშია, რომ რუსეთს ჩვენთვის ძალიან დიდი უსიამოვნების შექმნა შეუძლია.მეორე საკითხია, რადენად სჭირდება მას, ამის გამო უსიამოვნების შექმნა. იგივე ლავროვის ხსენებული ინტერვიუ რომ გავიხსენოთ, ის ამბობს,“გასაგებია, მაგრამ ჩვენ რომ საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტოთ, სანქციები დავაწესოთ, აღარ აშენდება პორტი?“, თავადაც კითხულობს. უნდა შევხედოთ, რა შედეგს გამოიღებს თავად ზეწოლა. გასაგებია, რომ შესაძლოა, დიდი პრობლემები შეიქმნას, მაგრამ აქ უკვე ყველაფერი იმაზე დამოკიდებული, რამდენად აღმოჩნება ჩვენი ხელისუფლება უნარიანი, პასუხი გასცეს რუსულ გამოწვევებს და ზოგადად, რამდენად ხედავს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავს საფრთხეებს, და რუსეთზე საუბრისას ჩვენ მხოლოდ სამხედრო საფრთხეებით ხომ არ ვიფარგლებით? რუსეთს შეუძლია პრობლემების შექმნა, მაგრამ ისინი არ არის გადაულახავი. მთავარია, იყოს ნება და ხედვა. რუსეთი რომ საფრთხეა, ეს ჩვენთვის მოცემულობა 1991 წლიდან მოყოლებული იყო, პრობლემა კი სხვა რამეშია – ჩვენ რამდენად მომზადებული დავხვდებით საფრთხეს და რამდენად შევძლებთ ადეკვატურ რეაგირებას. ყველაფერი დავაბრალოთ იმას, რომ გარეთ ვიღაცას ჩვენთვის ცუდი უნდა, არ არის სწორი. ვიმეორებ, მთავარია შიგნით რას ვაკეთებთ, რომ საფრთხე ან ავიცილოთ, ან მისი მავნე შედეგები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021