
წულუკიანი – ოპოზიციაზე: „ისინი აპელირებენ ისეთი თემებით, რომელიც აბსურდთან არის ახლოს“
11/05/2020 12:42:59 საშინაო პოლიტიკა
"ვინაიდან ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი რომ საქართველოში პოლიტპატიმრები დღეს არ არსებობენ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეთანხმება“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ოპოზიცია აპელირებს ისეთი თემებით, რომელიც აბსურდთან არის ახლოს და რასაც ე.წ ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჰქვია.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოლაპარაკებების შედეგად გამოიცა წერილობითი დოკუმენტი, სადაც არავითარ პატიმართა გათავისუფლებაზე საუბარი, ასევე არ არის.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თხოვნით მიმართა მოლაპარაკების პროცესში ჩართულ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ელჩებს, რათა მათ დაადასტურონ ის რეალობა, რომ მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საქართველოს მართლმსაჯულების ან პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა, ან კიდევ ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის - პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევა, როცა საქმე ეხება რაიმე ტიპის მოთხოვნას პატიმრის შეწყალებასთან დაკავშირებით. ძალიან დასანანია რომ ის ერთსულოვნება რაც "ქართული ოცნების" გუნდის შიგნით დღეს არსებობს, რომ უფრო მეტად პროპორციული გახდეს ჩვენი საარჩევნო სისტემა და ამისთვის მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, არ არის რადიკალური ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი, როგორც ეს ჩანს და ისინი აპელირებენ ისეთი თემებით, რომელიც აბსურდთან არის ახლოს და რასაც ე.წ ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჰქვია“,– განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის: 11 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მონაწილე ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და "დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა".
2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021