
"ანაკლიის პორტის მსგავსი პროექტების შეჩერება/დაბლოკვა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული"
17/02/2019 20:11:32 კონფლიქტები, თვალსაზრისი, კომენტარი
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის დავით რაქვიაშვილის შეფასებით, ანაკლიის პორტის მსგავსი პროექტების შეჩერება/დაბლოკვა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.
როგორც რაქვიაშვილმა „აქცენტს“ პორტის მნიშვნელობაზე საუბრისას განუცხადა, ნებისმიერი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონთან აკავშირებს, ზრდის ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის ღირებულებას, ეს კი ის ფუნქციაა, რომლის მიღწევასაც საქართველო ათწლეულებია, ცდილობს.
ამასთანავე, მისი შეფასებით, “იქნება ეს ანაკლიის პორტი, თუ რეგიონული მასშტაბის სხვა რომელიმე პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ პროექტებში რთავს, ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეული პრევენციაა იმ ავანტიურებისა, რომელიც შეიძლება, არაკეთილმოსურნე მეზობლის მიზანს წარმოადგენდეს”.
გარდა ამისა, რაქვიაშვილის აზრით, ნებისმიერი პროექტი, რომელიც მოიზიდავს და ქართულ და რეგიონულ ეკონომიკაში ჩართავს დასავლურ კაპიტალს, დამატებითი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო როლისა და ნიშის გასამყარებლად.
“ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის მსგავსი პროექტები სტაბილურად ვითარდებოდეს. შედეგად საქართველო იმ ნიშას დაიკავებს, რომლის გარეშეც ქვეყნის ვერც ეკონომიკური და ვერც უსაფრთხოების პოლიტიკა იქნება წარმატებული“,– განუცხადა „აქცენტს“ რაქვიაშვილმა.
მისივე შეფასებით, “მსგავსი პროექტების დაბლოკვა ან შეჩერება ან გაუთვლელი პოლიტიკის შედეგი იქნება, ან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული გარკვეული მოტივაციები”:
„თუ ვავითარებთ თეზას, რომ საქართველოში რეგიონული მასშტაბის პროექტის არსებობა როგორც ეროვნულ, ისე ზოგადად ჩვენი და ჩვენი პარტნიორების რეგიონული უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება, ასეთი პროექტების შეჩერება, დაბლოკვა ან არგანხორციელება შეიძლება, იყოს გაუთვლელი პოლიტიკის შედეგი, ან ელემენტარულად, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული გარკვეული მოტივაციები. თუ ვამბობთ, რომ რაღაც კარგია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ის უნდა განხორციელდეს და მოიძებნოს რესურსი, რათა ამ პროექტების გარშემო მოხდეს კონსოლიდირება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ინტერესებისა“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021