
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: “მუხთარლის საქმის გამოძიება ჩიხში რჩება”
11/03/2020 15:34:01 სამართალი
აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2017 წელს დაიწყო, ჩიხში რჩება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას ეხება.
«[2019] წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები და და საერთაშორისო თანამეგობრობა შეშფოთებას გამოთქვამდნენ 2017 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ჩინოსნების დაუსჯელობის გამო.
დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში აცხადებდნენ, რომ კვლავინდებურად ელოდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების პასუხს მიმართვაზე მუხთარლისთან გასაუბრების თაობაზე. სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მუხთარლის მეუღლე აკრიტიკებენ გამოძიებას გაუმჭვირვალობისა და სისწრაფის, ასევე ხელისუფლების უარის გამო, მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა, რომელიც ადვოკატებს მისი და მისი ოჯახის წევრებისთვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების განსაკუთრებული დაცვის მოთხოვნის დაყენების საშუალებას მისცემდათ.
არასამთავრობო ორგანიზაციები გამომძიებლებს სახელმწიფო ორგანოების მიერ უფლებამოსილების სავარაუდო ბოროტად გამოყენების იგნორირების გამო აკრიტიკებენ. განვითარებული მოვლენები, ასევე ხელისუფლების უუნარობა, გამოაქვეყნოს შუალედური დასკვნა გამოძიების შესახებ და ვახტანგ გომელაურის [2018 წლის ივლისისთვის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი იყო]კომენტარი იმის შესახებ, რომ «ზოგიერთი გამოძიება არასოდეს სრულდება», ამძაფრებს შეშფოთებას მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებასა და აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე დაპატიმრებაში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობის თაობაზე», - ნათქვამია ანგარიშში.
ჟურნალისტი-გამომძიებელი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც კონტრაბანდაში, საზღვრის უკანონო კვეთაში, მესაზღვრეების მიმართ ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაპატიმრება დაგმეს ევროპარლამენტმა, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, “Amnesty International”-მა კი იგი “სინდისის პატიმრად” სცნო.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021