Accentnews.ge
„ჯეოქეისი“: დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიერთება საგანგაშო ქმედებაა

„ჯეოქეისი“: დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიერთება საგანგაშო ქმედებაა

20/05/2025 06:30:14 პოლიტიკა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ საგანგაშოს უწოდებს „ქართული ოცნების“ გეგმას, საქართველოს დაზვერვის სამსახურის გაერთიანების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაქვემდებარების შესახებ.

ცენტრში თვლიან, რომ მსგავსი ნაბიჯი "სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემასა და მის ინსტიტუციურ მოწყობას".

ცენტრში იხსენებენ, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახური 1997 წლიდან მოყოლებული დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, კრიტიკული ინფორმაციის მოპოვებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაში.

წარსულში, სამსახურის სხვა უწყებასთან შერწყმამ, როგორც "ჯეოქეისში" თვლიან, გამოიწვია მისი "ეფექტიანობის შემცირება და უწყებრივი დესტაბილიზაცია, რაც მალევე თავად იმჟამინდელმა ხელისუფლებამ აღიარა და გადაწყვეტილება უკან გაიწვია". მას შემდეგ, "ჯეოქეისის" ანალიტიკოსების ხედვით, დაზვერვის სამსახური კვლავ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა და მასში განხორციელდა საგრძნობი ინვესტირება, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. "მრავალწლიანი პროცესის მიზანი იყო დაზვერვის სამსახური ჩამოყალიბება დამოუკიდებელ, პოლიტიკურად მიუკერძოებელ და დასავლურ ღირებულებებსა და მუშაობის პრინციპებზე დაფუძნებულ ინსტიტუტად, რომელიც ჯეროვნად შეასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს".

"ჯეოქეისი" პროგნოზირებს, რომ დაზვერვის სამსახურის შერწყმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, მაღალი ალბათობით, გამოიწვევს

  • სადაზვერვო საქმიანობის ეფექტიანობის კლებას,
  • საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების სათანადო ყურადღების გარეშე დარჩენას/ან სრულად გაქრობას
  • და კვალიფიციური კადრების გადინებას.
  • ასევე, საფრთხეს შეუქმნის დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას, რაც აისახება ინფორმაციის გაზიარების შემცირებაზე, კადრების გადამზადების შეჩერებასა და ნდობის ხარისხზე.

"აღნიშნული ე.წ. რეფორმის შედეგად მოხდება სუს-ის ძალაუფლების მნიშნელოვანი ზრდა, დაზვერვის სამსახურში ალტერნატიული ხედვისა და საქმიანი პროცესისათვის აუცილებელი განსხვავებული შეფასებების შეზღუდვა. საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ე.წ. რეფორმა გამოიწვევს სამსახურის პოლიტიზირებას, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის საბაზისო პრინციპებს",- ხაზს უსვამენ "ჯეოქეისში".

მაშინ, როდესაც საქართველოს წინაშე დგას არაერთი კრიტიკული გამოწვევა და სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება სახელწმიფოებრივი მედეგობის გაძლიერებას, "ჯეოქეისის" დაკვირვებით, სახეზეა ინსტიტუციური სისტემის "მიზანმიმართული დასუსტების მცდელობა, რაც ერთიანობაში კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის საქართველოს ისედაც დასუსტებულ უსაფრთხოების სისტემას".

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "ჯეოქეისი" მოუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, არ გადადგას ეს "უპასუხისმგებლო და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემას".

ცენტრი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის ღირსეულ და პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებსაც სურთ ქვეყნის ინტერესებს ემსახურონ. სისტემიდან წამოსვლის შემთხვევაში, "ჯეოქეისი" მათ სთავაზობს პლატფორმას "პროფესიული ხედვების გასაზიარებლად და უსაფრთხოების მიმართულებით მათი ცოდნისა და კონტაქტების გამოსაყენებლად".

***

პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის. დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება. ამას 26 კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონის პროექტებით, ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასთან და უფლებამოსილებებთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასა და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებთან და სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე და ვიქტორ ჯაფარიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S