
ლაშა გაბიტაშვილი: "მინდა, გაგიზიაროთ „ოცნების“ მორიგი ბოროტი გადაწყვეტილება: წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა"
19/05/2025 10:21:15 საზოგადოება
აქციების მონაწილე ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს.
როგორც მისი ვიდეომიმართვიდან ირკვევა, მიზეზი შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქეობა, რომელიც ისრაელის მოქალაქე ცოლთან ქორწინების შემდეგ მიიღო.
„მინდა გაგიზიაროთ „ქართული ოცნების“ მორიგი ბოროტი გადაწყვეტილება: მათ წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, მთელი ცხოვრება საქართველოში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გამიგრძელონ მოქალაქეობა“, - აცხადებს ლაშა გაბიტაშვილი.
იგი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად სამართლებრივ დავას აპირებს:
„მე უარი არ განმიცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე, პირიქით, ვთქვი, რომ მინდა შენარჩუნება, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ უარი მითხრეს და წამართვეს მოქალაქეობა“.
ცნობისთვის: 12 იანვარს გაბიტაშვილმა აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას „მოღალატე“ და „სამშობლოს გამყიდველი“ უწოდა. 13 იანვარს აბუ-დაბიში, სასტუმრო „რედისონის“ რესტორან La Terrazza-ში გაბიტაშვილს და „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ.
„საუზმეზე ჩამოვედი, ვიჯექი მარტო ჩემთვის, ცოლთან ერთად… გუშინდელი მომხდარით გამწარებულები იყვნენ და მომვარდნენ“, - ამბობდა 13 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი და ვიდეოებს ავრცელებდა.
ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები პოლიციამ დააკავა, რის შემდეგაც აბუ-დაბის სასამართლომ დააჯარიმა.
ამ ინციდენტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულ ლაშა გაბიტაშვილს საცხოვრებელთან თავს დაესხნენ უცნობი პირები, რომლებსაც სახეები შენიღბული ჰქონდათ.
„აბუ-დაბიში რაც თვითონ ვერ შეასრულეს, გამოგზავნეს შემსრულებლები. დაშინება უნდათ, მაგრამ ვერ დაგვაშინებენ“, - თქვა ლაშა გაბიტაშვილმა მაშინ და ეს თავდასხმა „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირა.
ამავე თემაზე: აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ თბილისში დაბრუნებული ზარქუა: "საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ"
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021