
გაგლოევი: "ნებისმიერ წუთს მზად ვართ, რუსეთთან გავერთიანდეთ"
15/05/2025 12:14:27 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი, რომელიც საცხრამაისოდ მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმირ პუტინს შეხვდა, ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა "ოსი ხალხისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის მზადყოფნა, როგორც კი სტრატეგიული პარტნიორი მზად იქნება საამისოდ, რუსეთთან გაერთიანდეს".
"სხვადასხვა სფეროებში რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა ღრმავდება და მყარდება, ჩვენი ხალხი კი თავის წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც დიად რუსეთს უკავშირებს. ისტორიულად, ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა გააჟღერეს თავისი გადაწყვეტილება - ვიყოთ რუსეთთან ერთად. ყველას გვახსოვს დრო, როცა ვატარებდით რეფერენდუმებს. დღესაც ვდგამთ ნაბიჯებს რუსეთთან მეტი ინტეგრაციის ხელშესაწყობად. ამჯერადაც დავუდასტურე ვლადიმირ პუტინს, რომ მზად ვართ, ნებისმიერ წუთს, როგორც კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მზადყოფნას დავინახავთ, გავაკეთოთ ყველაფერი (რეფერენდუმი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი რამ), რაც საჭირო იქნება გაერთიანებისთვის. რუსეთის ფედერაციაშიც კარგად ესმით, რომ სამხრეთ ოსეთი თავის მომავალს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს უკავშირებს. ჩვენი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ფაქტი ხომ ოსი ხალხის დაყოფას, ოსეთის სამხრეთად და ჩრდილოეთად გაყოფას უკავშირდება. ამდენად, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, ეს პრობლემა უნდა აღმოვფხრათ, კვლავ გავაერთიანოთ ოსი ხალხი და ერთად ვაშენოთ საერთო მომავალი" - განაცხადა გაგლოევმა პუტინთან შეხვედრის შეჯამებისას და იქვე დასძინა, რომ რუსეთის ლიდერი ცხინვალში მიიწვია "იმაში დასარწმუნებლად, როგორი ერთმნიშვნელოვნად თბილი განწყობა აქვს პირადად მის და რუსეთის მიმართ ოს ხალხს".
დღეს კი გაგლოევი შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციას, რომელსაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ ბონდარევი ხელმძღვანელობს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021