Accentnews.ge
თურქეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა

თურქეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა

15/05/2025 06:14:10 მსოფლიო

უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრამდე, რომელიც დღეს, 15 მაისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში უნდა გაიმართოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა.

შეხვედრა გაიმართა თურქეთის ქალაქ ანტალიაში, სადაც 14 მაისს დაიწყო ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი, არაფორმალური სხდომა.

რუბიოს და სიბიჰას შეხვედრას ესწრებოდა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემიც.

გვიან ღამით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და სენატორს შეხვდა, რათა მათთვის გაეცნო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხედვა შემდგომ სამშვიდობო ძალისხმევაზე და კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვირის განმავლობაში პოზიციების კოორდინირება მომხდარიყო.

სიბიჰას ინფორმაციით, დეტალურად განიხილეს შემდგომი ნაბიჯების ლოგიკა და ერთმანეთის მიდგომები. საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკულ მხარეს დაუდასტურა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისადმი უკრაინის მტკიცე და თანმიმდევრული ერთგულება.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ უკრაინის კონსტრუქციულ ნაბიჯებს რუსეთმაც ანალოგიურად უპასუხოს, რასაც ჯერჯერობით არ აკეთებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ მშვიდობაზე უარს თავისი ფასი აქვს.

ცნობისთვის: დღეს, 15 მაისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან. ანკარაში გამგზავრებამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ პუტინი სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებაში მონაწილეობას დასთანხმდებოდა, ის და ერდოღანი მზად იყვნენ, ანკარიდან სტამბოლში ჩასულიყვნენ.

14 მაისს, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ სტამბოლში რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. მას შემდეგ, რაც გაირკვა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა და ის, რომ პუტინი სტამბოლში ჩასვლას არ აპირებს, მედიასაშუალებებმა, მათ შორის CNN-მა და Reuters-მა თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში არ გაემგზავრება. მანამდე ტრამპი თურქეთში ჩასვლას არ გამორიცხავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S