
ვინ ჩავა რუსეთიდან თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის
15/05/2025 06:06:05 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ცნობა „უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობის“ დამტკიცებაზე. შესაბამის განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.
კრემლის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არათუ თავად პუტინი, არამედ არც ერთი მინისტრი არ ფიგურირებს.
დელეგაციის წევრთა სია ასე გამოიყურება:
- ვლადიმირ მედინსკი - რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე (დელეგაციის ხელმძღვანელი
- მიხაილ გალუზინი - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
- იგორ კოსტიუკოვი - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი
- ალექსანდრ ფომინი - რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
დელეგაციის მეორე ნაწილს ეწოდება "ექსპერტთა შემადგენლობა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის". მისი შემადგენლობა ასეთია:
- ალექსანდრ ზორინი - რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე
- ეკატერინა პოდობრეევსკაია - ჰუმანიტარულ სფეროში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სახელმწიფო პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე
- ალეკსეი პოლიშჩუკი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის დირექტორი
- ვლადიმირ შევცოვი - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.
ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, რუსეთისგან პასუხს ელოდებიან და უარის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება იგეგმება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში "პირადად" დაელოდებოდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021