
გვარამია და ჯაფარიძე აცხადებენ, რომ არც ვთავად აპირებენ გირაოს გადახდას
14/05/2025 17:44:26 პოლიტიკა
მას შემდეგ, რაც სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის საქმეზე, კიდევ ორმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ არ გადაიხდიან ანალოგიურ საქმეებზე შეფარდებულ გირაოს.
ოქრუაშვილს 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა ეკრძალებოდა. გირაოს გადახდისთვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადა 8 მაისს ამოიწურა.
ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ არ გადაიხდიდა შეფარდებულ გირაოს. "ლითონის ჯვარიც კი არ გავიკეთე დღეს სპეციალურად, ციხეში როგორი ატრიბუტიკით არიან, ზუსტად ისე მოვედი. სიმართლე გითხრათ, დავიღალე“, - თქვა ოქრუაშვილმა.
14 მაისის მოსამართლე ნინო თარაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლაზე. ოქრუაშვილი სასამართლოს დარბაზში დააკავეს.
„მე 20 მაისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის „კომისიის“ საქმეზე, მაგრამ გირაოს გადახდა მიწევს ყველაზე გვიან - 7 ივნისს (50 დღე მომცა სასამართლომ და არა 30). ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ. არც იმათ მიმართ ვაპირებ საყვედურების გამოთქმას, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს: პირადი გადაწყვეტილების საკითხია“, - დაწერა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა ნიკა გვარამიამ.
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის ცნობით, ზურა ჯაფარიძეს 18 მაისს ეწურება გირაოს გადახდის ვადა, წინასასამართლო სხდომა კი 22 მაისს უნდა გაიმართოს.
"რას გადაწყვეტენ ჩემთან მიმართებაში არ ვიცი, მაგრამ რეალობა იგივეა. ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი პოზიცია ამ შემთხვევაში რაც შეიძლება იყოს, არის არანაირი გირაო, არ შეიძლება რეჟიმთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა, ჩემი აზრით. ამიტომ, ის რომ ვიღაცები სადღაც შეიკრიბნენ, საკუთარ თავს პარლამენტი დაარქვეს და მერე რაღაც კომისია შექმნეს და გიბარებენ, მაგ თამაშში არ უნდა აჰყვე. მგონია, რომ საბოლო ჯამში თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და ქცევაზე დადის ამ რეჟიმთან დაპირისპირება და ის, როდის დამარცხდება ეს რეჟიმი",- თქვა ჯაფარიძემ.
მსგავს საქმეებზე ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს: მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი); გივი თარგამაძეს (10 000 ლარი); გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი).
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021