
"კობახიძეს 3 კვირაა ვწერ, ვურეკავ და იმალება..." - პოლოლიკაშვილის პირველი კომენტარი
14/05/2025 17:16:03 პოლიტიკა
საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა აღარ წარადგენს აღნიშნული თანამდებობის მესამე ვადით დასაკავებლად და სანაცვლოდ საამიროების კანდიდატს უჭერს მხარს, პირველი კომენტარი გააკეთა.
„ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს.
3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“,- მისწერა, „ფორმულას“ ცნობით, პოლოლიკაშვილმა მათ.
თავდაპირველად ეს ინფორმაცია 13 მაისს ესპანურმა გამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემამ ინფორმაცია „შოკისმომგვრელ პოლიტიკურ მანევრად“ შეაფასა და წერდა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევისთვის მხარდაჭერის ნაცვლად საამიროების კანდიდატისთვის მხარდაჭერა, შესაძლოა, ფარული შეთანხმების ნაწილი იყოს.
„გადაწყვეტილება, რომელმაც საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული ალიანსის ნაწილი იყო“, - წერდა გამოცემა.
The Diplomat აღნიშნავდა, რომ გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ორგანიზაციაში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების პროცესს ხელმძღვანელობდა 2022 წელს და თავისი პოზიციით, „გაეროს სისტემაში პრეცედენტი“ დააწესა.
შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაადასტურეს ინფორმაცია, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარს დაუჭერენ არა ზურაბ პოლოლიკაშვილს, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
„სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა“, - განაცხადეს „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021