
„ოცნების" მთავრობა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივნის თანამდებობაზე პოლოლიკაშვილის ნაცვლად, საამიროების კანდიდატს დაუჭერს მხარს
14/05/2025 12:48:32 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მთავრობა ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარს დაუჭერს არა ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც ამ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
"გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.
სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა.
აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს“,– აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლოლიკაშვილს ამ "პოსტზე" საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა აღარ ექნებოდა, პირველად 13 მაისს The Diplomat-მა გაავრცელა. "ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ფარული შეთანხმების ნაწილი იყოს", – წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
მისივე შეფასებით, "გადაწყვეტილება, რომელმაც საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრაგეგიული ალიანსის ნაწილი იყოს".
არაბეთის გაერთიანებული საემიროების გარდა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსზე კანდიდატურებს წარადგენს მექსიკა, საბერძნეთი, განა და ტუნისი. პოლოლიკაშვილი თანამდებობას უკვე ორი ვადის განმავლობაში იკავებდა და ორივეჯერ, 2017 და 2021 წლებში თანამდებობაზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის 70%-ზე მეტმა დაუჭირა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021