Accentnews.ge
მედია: ევროპა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებამდე თურქეთის სამიტის შედეგებს დაელოდება

მედია: ევროპა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებამდე თურქეთის სამიტის შედეგებს დაელოდება

13/05/2025 07:09:32 ევროპა

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, მოუწოდონ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, დააწესოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 15 მაისს სტამბოლში ან არ დათანხმდება დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, განუცხადეს Bloomberg-ს საკითხის მცოდნე პირებმა.

მათი თქმით, ორშაბათს ევროპელ და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის გამართულმა საუბარმა ნათლად აჩვენა, რომ ვაშინგტონს სურდა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის შანსი მიეცა, სანამ პუტინზე ზეწოლას გააძლიერებდა. ამიტომ, ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დაელოდებიან სტამბოლის შეხვედრის შედეგებს.

Bloomberg-ი ადრე წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა რუსეთზე დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის ვარიანტები, რომელთა გამოყენებაც ამერიკის პრეზიდენტს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია. თავად ტრამპმა 8 მაისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ, თუ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება. მანამდე, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს ტრამპის მხარდაჭერის მოპოვება მათი გეგმისთვის, რომელიც 12 მაისიდან 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. საპასუხოდ, პუტინმა გამოაცხადა მზადყოფნა, 15 მაისს სტამბოლში უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებები განაახლოს. ტრამპმა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, უარი არ ეთქვა თურქეთში შეხვედრაზე. შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ მოლაპარაკებებზე პუტინს „პირადად“ დაელოდებოდა. კრემლს არაფერი უთქვამს პუტინის თურქეთში შესაძლო ვიზიტის შესახებ. ჯერ კიდევ უცნობია, ვინ იქნება რუსეთის დელეგაციის ნაწილი.

30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმის შემთხვევაში სანქციების მუქარის საპასუხოდ, კრემლმა განაცხადა, რომ „ულტიმატუმების ენა რუსეთისთვის მიუღებელია“. „რუსეთთან ასეთი ენით საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S