
"ტვ პირველის"ჟურნალისტი: გიორგი შინჯიკაშვილის მამა თავს დაგვესხა
12/05/2025 14:47:20 სამართალი, საზოგადოება
„TV პირველის“ ჟურნალისტის მარიამ მაკასარაშვილის განცხადებით, მას და ტელეკომპანიის ოპერატორს თავს დაესხა და ტექნიკა წაართვა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილის გიორგი შინჯიკაშვილის მამამ.
როგორც მაკასარაშვილი ყვება, "TV პირველის" გადამღები ჯგუფი მარტყოფში იმყოფებოდა, შინჯიკაშვილის სახლთან, მის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გასარკვევად.
მაკასარაშვილის მონათხრობის მიხედვით, გიორგი შინჯიკაშვილის სახლში იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, ტელევიზიის ჯგუფთან კომენტარი შინჯიკაშვილის მამამ გააკეთა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ, უკვე როდესაც ადგილზე კადრებს იღებდნენ, შინჯიკაშვილის მამა მათ მოულოდნელად დაესხა თავს - ჟურნალისტს - წაართვა პირადი მობილური ტელეფონი, ტელეკომპანიის ოპერატორს კი კამერა.
„მოულოდნელად გახდა აგრესიული ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართ. ის გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა და ამის შემდეგ, როდესაც დამინახა, რომ ოპერატორის გვერდით ვიყავი და ჩემი მობილური ტელეფონი მეჭირა ხელში, ეს მობილური ტელეფონიც გამომართვა. გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ხელიც კი გამარტყა", - ჰყვება მარიამ მაკასარაშვილი „TV პირველთან“ კომენტარში.
მისი თქმით, სახეზე დაზიანებაც ეტყობა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მომხდარი შეატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა შეტყობინებიდან 15 წუთის შემდეგაც ადგილზე არავინ მისულა, მათი ტექნიკა კი შინჯიკაშვილის სახლში იყო დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.
„სრული განუკითხაობა ქვეყანაში!"- ასე გამოეხმაურა მომხდარს „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ფეისბუკის გვერდზე.
მოგვიანებით, "TV პირველთან" საუბარში მარიამ მაკასარაშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკა დაუბრუნეს, სამედიცინო შემოწმებისთვის კი კლინიკაში გადაჰყავთ, ვინაიდან შინჯიკაშვილის მამის მიერ სახეში ჩარტყმული მუშტის გამო თავბრუს ხვევა აქვს.
"მუშტი მოიქნია და მთელი სიძლიერით მომარტყა თავისა და სახის არეში, იმწამსვე ვიგრძენი რომ თავბრუ მეხვეოდა, თავბრუსხვევაც მაქვს, თავის და თვალის ძლიერი ტკივილი მაქვს", - ამბობს მარიამ მაკასარაშვილი.
მაკასარაშვილის მონაყოლით, ტექნიკა დაუბრუნეს ადამიანებმა, რომლებიც შემთხვევის შემდეგ მოვიდნენ ავტომობილით, რომელსაც დაბურული შუშები ჰქონდა, შევიდნენ შინჯიკაშვილის სახლში და ტექნიკა გამოიტანეს.
"გვეკითხებოდნენ, რატომ მოხვედით აქ და "ხარებაზე" კითხვებს რატომ სვამდითო". „TV პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, "ხარებას ხსენებამ გამოიწვია თუ არა გაღიზიანება", მარიამ მაკასარაშვილმა უპასუხა, რომ ეს იყო მიზეზი.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი შინჯიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს 12 მაისს გამოაქვეყნა. თანამდებობის დატოვების მიზეზად ის პირად გადაწყვეტილებას ასახელებს და მიზეზებს არ ხსნის.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა მაკასარაშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას.
"მომხდარი ადასტურებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებს, რასაც პირდაპირ უწყობს ხელს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა. ასეთი დამოკიდებულება ახალისებს ძალადობას და აჩენს დაუსჯელობის განცდას.
ისედაც გაუარესებულ მედიაგარემოში, საია გმობს მომხდარს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას გავრცელებულ ინფორმაციაზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება." - წერს საია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021