
აშშ და ჩინეთი 90 დღით ტარიფების ურთიერთშემსუბუქებაზე შეთანხმდნენ
12/05/2025 08:12:26 მსოფლიო
აშშ და ჩინეთი "სავაჭრო ომის დეესკალაციის მიზნით" ერთმანეთისთვის დაწესებული ტარიფების 90 დღით შემსუბუქებაზე შეთანხმდნენ, - იუწყება "Financial Times".
გამოცემის ცნობით, გასული კვირის ბოლოს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონი ჩინურ იმპორტზე დაწესებულ ჯამში 145%-იან ტარიფს 30%-ით შეამცირებს, ხოლო პეკინი საპასუხოდ ამერიკულ იმპორტზე დაწესებულ ჯამში 125%-იან ტარიფს – 10%-ით.
"ჩვენ დაბალანსებული ვაჭრობა გვსურს და ვფიქრობ, ამის მიღწევა ორივე მხარის ინტერესებშია. ერთმანეთისგან დაშორება არც ერთ მხარეს არ სურს" - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 12 მაისს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო ომის ესკალაცია აპრილში დაიწყო, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ იმპორტზე დამატებითი - ჯამში 145%-იანი ტარიფები დააწესა, ჩინეთმა კი ამ ნაბიჯს 125%-იანი ტარიფით უპასუხა.
ტარიფების სახით "სადამსჯელო" ზომებმა ქვეყნებს შორის ვაჭრობა მნიშვნელოვნად დააზიანა. ბესენტმა გასულ თვეში აღიარა, რომ სიტუაცია არამდგრადი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის შეთანხმება ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს უფრო გრძელვადიანი ზავისაკენ, ის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური დაძაბულობის შემსუბუქების პირველი ნიშანია.
ჟენევაში ტარიფებზე მოლაპარაკებების დაწყებამდე ბესენტმა თქვა, რომ აშშ-ისა და ჩინეთის მიერ დაწესებული ტარიფების მოცულობა პრაქტიკულად სავაჭრო "ემბარგოს" წარმოადგენდა.
აშშ-ის მსხვილი კომპანიების ლიდერები, მათ შორის JPMorgan-ის გენერალური დირექტორი ჯეიმი დაიმონი ბოლო კვირების განმავლობაში ვაშინგტონსა და პეკინს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებდნენ, ვინაიდან კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალი სულ უფრო აშკარა ხდებოდა. ტრამპთან შეხვედრაზე Walmart-ისა და Target-ის დირექტორებმა პრეზიდენტს უთხრეს, რომ ტარიფების გამო მათ მაღაზიებში შესაძლოა, პროდუქტების დეფიციტი შექმნილიყო.
თუმცაღა ამ დრომდე არც ერთი მხარე მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას არ ავლენდა. ჩინეთის ოფიციალური პირები აშშ-ს ეკონომიკურ "ბულინგში" ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი ტრამპის სატარიფო პოლიტიკის წინაშე კაპიტულაციას არ აპირებენ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021