Accentnews.ge
ბადრა გუნბა: საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა

ბადრა გუნბა: საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა

12/05/2025 06:21:08 კონფლიქტები

„თბილისთან დიალოგი შესაძლებელია რეალობის აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ“, - განაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

„საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ უნდა ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, არიან თუ არა ისინი ოკუპირებულები. ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს. ეს არის დამოუკიდებლობა. საქართველოს განცხადებები პოლიტიკურია“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, აფხაზეთის პრიორიტეტია „მშვიდობიანად თანაცხოვრება ყველა მეზობელთან“.

„ჩვენ გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან, რათა მისმა ხელმძღვანელობამ გააცნობიეროს, რომ მათ წინაშე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც არ სურს ომი ან კონფლიქტი. ეს პრიორიტეტი ვლადისლავ არძინბამ დაისახა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს და ის არ შეიცვლება“, - დასძინა მან.

გუნბამ ასევე კომენტარი გააკეთა აფხაზეთში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე და განაცხადა, რომ „სიტუაცია დასტაბილურდა“. მისი თქმით, „ხალხი დაიღალა პოლიტიკითა და პოპულიზმით“.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, შევქმნათ, გავაუმჯობესოთ მოქალაქეების ცხოვრება“, - აღნიშნა გუნბამ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. 10 მაისს იგი კრემლში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო. გუნბამ ის აფხაზეთში მიიწვია და პუტინმა შეთავაზება მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S