
ვენსი: რუსეთი არ უნდა მოელოდეს, რომ მას იმ ტერიტორიებს მისცემენ, რომლებიც ჯერ არც კი დაუპყრია
09/05/2025 08:31:23 მსოფლიო
რუსეთი არ შეიძლება ელოდოს, რომ მას გადასცემენ ტერიტორიას, რომელიც ჯერ არც კი დაუპყრია - სწორედ ამას გვთავაზობდა ის თავდაპირველ სამშვიდობო გეგმაში, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში.
„ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი მოითხოვდა ზედმეტად ბევრს, რადგან რუსული აღქმაა, რომ ისინი იმარჯვებენ ამ ომში. რა თქმა უნდა, უკრაინელებს სურთ ზავის მიღწევა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე თვე მათთვის არ იყო მარტივი. ჩვენი პოზიციაა, რომ არ გვსურს უკრაინის მარცხი. ჩვენ, ცხადია, გვსურს, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ, მაგრამ რუსეთი არ შეიძლება ელოდოს, რომ მას გადასცემენ ტერიტორიას, რომელიც ჯერ არც კი დაუპყრია და ეს ერთ-ერთ საკითხია, რომელიც მათ თავდაპირველ სამშვიდობო გეგმაში შეიტანეს“, – განაცხადა ვენსმა.
მისი თქმით, პროგრესია ის ფაქტი, რომ რუსეთი და უკრაინა მონაწილეობენ მოლაპარაკებებში და კონკრეტული სამშვიდობო გეგმების შეთავაზებით გამოდიან.
ამასთან, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებიდან გავა, თუ მიხვდება, რომ რუსები მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ და გულწრფელად არ იქცევიან.
„ეს, არსებითად, ნიშნავს, რომ რუსეთს და უკრაინას მოუწევთ ამ საკითხის დამოუკიდებლად მოგვარება - შეერთებული შტატების რჩევისა და შუამავლობის გარეშე და მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგია - არც ჩვენთვის, არც რუსეთისთვის და არც უკრაინისთვის“, - დასძინა ვენსმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021