
მერცი პირველი საერთაშორისო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია, შემდეგ პოლონეთში ჩავა
07/05/2025 13:58:10 ევროპა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთს ესტუმრა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.
ელისეის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ მაკრონმა აღნიშნა, რომ პარიზი და ბერლინი ფრანკო-გერმანულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს შექმნიან.
"ჩვენ შევქმნით ფრანკო-გერმანულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს, რათა რეგულარულად შევხვდეთ და საერთო სტრატეგიულ გამოწვევებს ქმედითად ვუპასუხოთ". - თქვა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყანა თავდაცვის სფეროში ინვესტიციებს გააგრძელებს.
"საფრანგეთი და გერმანია პარტნიორებთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის", - დასძინა მაკრონმა.
"ემანუელ მაკრონი და მე პარიზში შევთანხმდით გერმანია-საფრანგეთის ახალ სტარტზე ევროპისთვის", - აცხადებს, თავის მხრივ, გერმანიის ახალი კანცლერი.
"ეს განსაკუთრებით შეეხება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს: ჩვენ გავზრდით თანამშრომლობას იარაღის სფეროში და გავაძლიერებთ ნატოს ევროპულ სვეტს", - აღნიშნავს კანცლერი.
„პარტნიორები, მოკავშირეები და მეგობრები ევროპის გულში“ - წერს ფრიდრიხ მერცი X-ის ოფიციალურ გვერდზე და გამოთქვამს რწმენას, რომ ეს ორი ქვეყანა „ერთად წინ წასწევენ ევროპას“.
ფრიდრიც მერცი აღნიშნავს, რომ მას და ემანუელ მაკრონს არაერთხელ გაუზიარებიათ ერთმანეთისთვის მოსაზრებები - „ჩვენ გვჯერა გერმანია-საფრანგეთის მეგობრობის!“
ფრიდრიხ მერცი საფრანგეთის შემდეგ პოლონეთში გაემგზავრება.
„გერმანია კვლავ იღებს პასუხისმგებლობას - არა ხმაურიანი, არამედ სანდო. არა ქედმაღლური, არამედ თანამშრომლური“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი.
ფრიდრიხ მერცს კანცლერის პოსტზე 6 მაისს მეორე მცდელობისას დაუჭირა მხარი ბუნდესტაგის 325-მა დეპუტატმა. პირველი კენჭისყრა წარუმატებელი აღმოჩნდა - მერცს 6 მხარდამჭერის ხმა დააკლდა (საჭირო იყო 316) და მეორე კენჭისყრა სამშაბათსვე, რამდენიმე საათში გაიმართა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021