
პაკისტანის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ინდოეთის თანხმობის პირობებში მზადაა, სამხედრო კონფლიქტი დაასრულოს
07/05/2025 07:51:17 მსოფლიო
პაკისტანი მზადაა, დაასრულოს სამხედრო კონფლიქტი ინდოეთთან, თუ ნიუ-დელი ამას დათანხმდება, - განაცხადა ბირთვული სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვამბობდით, რომ არასდროს განვახორციელებთ რაიმე მტრულ ქმედებას ინდოეთის წინააღმდეგ. მაგრამ თუ ჩვენზე თავდასხმა განხორციელდება, ჩვენ ვუპასუხებთ. თუ ინდოეთი უკან დაიხევს, ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ ამ დაძაბულობას“, - განუცხადა ასიფმა Bloomberg TV-ს.
7 მაისს ღამით ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო სახელწოდებით "სინდორი". ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა 22 აპრილის ტერაქტის შემდეგ - ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში ტურისტებს დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა ისლამისტურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ აიღო. ინდოეთის განცხადებით, თავდამსხმელთაგან ორს პაკისტანის მოქალაქეობა აქვს.
ოპერაცია „სინდორის“ ფარგლებში, ინდოეთმა ისლამაბადის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ნაწილში - ბაჰავალპურში, კოტლიში, სიალკოტში, მურიდკეში, მუზაფარაბადსა და სხვა დასახლებებში - „ტერორისტულ ბანაკებს“ შეუტია. „Hindustan Times“-ის ცნობით, ზოგიერთ ბანაკში განთავსებულია დაჯგუფებების „ჯაიშ-ე-მოჰამედისა“ და „ლაშქარ-ე-ტაიბას“ შტაბ-ბინები და საწვრთნელი ცენტრები. გამოცემის ცნობით, ნაროვალის რაიონში ერთ-ერთი ბანაკი დრონების ბაზას წარმოადგენს, რომლებიც ინდოეთის ტერიტორიაზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკების შესატანად გამოიყენებოდა. ნიუ-დელიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაკისტანის არცერთ სამხედრო ობიექტს არ დასხმია თავს და რომ ქმედებებს ესკალაციის ხასიათი არ ჰქონია. პაკისტანმა ინდოეთის დარტყმები ომის აქტად მიიჩნია. ისლამაბადის ცნობით, ნიუ - დელის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 46 დაშავდა. საპასუხოდ, როგორც იუწყებიან, პაკისტანმა ინდოეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმები „როგორც ჰაერიდან, ასევე ხმელეთიდან“ განახორციელა. ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ ხუთი ინდური გამანადგურებლის განადგურების შესახებ განაცხადა, მათ შორის ორი ფრანგული წარმოების Rafale-ის. ასევე, Samaa TV-ის ცნობით, პაკისტანმა ინდოეთის შეიარაღებული ძალების ბრიგადის შტაბ-ბინა დაბომბა. ამის შემდეგ, პაკისტანის ინფორმაციისა და მაუწყებლობის მინისტრის ათაულა ტარარის თქმით, ინდოეთის სამხედროებმა თეთრი დროშა რამდენიმე რაიონში, მათ შორის ჩორას კომპლექსში, ქაშმირში საკონტაქტო ხაზზე, აღმართეს. ინდოეთმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021