Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დაახლოებით 15 ათასი შრომითი მიგრანტი გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დაახლოებით 15 ათასი შრომითი მიგრანტი გაგზავნა

05/05/2025 12:21:41 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დაახლოებით 15 000 შრომითი მიგრანტი გაგზავნა. ამის შესახებ The Wall Street Journal და Reuters სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით იტყობინებიან. აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების საზღვარგარეთ სამუშაოდ დაქირავება აკრძალულია გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, როგორც ფხენიანის ბირთვული პროგრამების დაფინანსების შეზღუდვისკენ მიმართული სანქციების ნაწილი.

Current Time-ის ცნობით, 2024 წელს რუსეთში შესული ჩრდილოეთ კორეელების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 12-ჯერ გაიზარდა. მათი უმეტესობა რუსეთში სტუდენტური ვიზებით შევიდა. Important Stories-მა, სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით დაწერა, რომ 2024 წელს რუსეთში სასწავლებლად 7,8 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჩავიდა. Mediazona-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეიდან სტუდენტების რაოდენობამ ზრდა 2024 წლის მესამე კვარტალში დაიწყო. ამავდროულად, 2024 წლის აპრილში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა, რომ იმ დროს ქვეყანაში ჩრდილოეთ კორეიდან დაახლოებით 130 სტუდენტი სწავლობდა.

არსებული ცნობებით, ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების უმეტესობა ამჟამად შორეულ აღმოსავლეთში მუშაობს. აღნიშნულია, რომ ადგილობრივი დამსაქმებლები "აფასებენ" ჩრდილოეთ კორეიდან ჩასულ მუშაკებს, რადგან ისინი დაბალ ხელფასზე თანხმდებიან, მზად არიან დღეში 12 საათი იმუშაონ და სამუშაო პირობებზე არ ჩივიან.

თებერვლის დასაწყისში, საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპმა“ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფხენიანმა ათასობით მუშაკი გაგზავნა რუსეთში მუშახელის დეფიციტის გამო. რუსეთის შრომის სამინისტროს მონაცემებით, 2030 წლისთვის ქვეყანაში მუშახელის დეფიციტმა შეიძლება 2.4 მილიონ ადამიანს მიაღწიოს, ამჟამად კი 1.5 მილიონს.

ამასთან, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს სამხედროებსა და იარაღსაც უგზავნის. სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, 2024 წელს რუსეთში 12 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ჩავიდა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო კიდევ 3 000 - 2025 წელს. სეულის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის დანაკარგებმა დაახლოებით 4 700 ადამიანი შეადგინა, მათ შორის 600 დაიღუპა. მათ შესახებ ოფიციალური მონაცემები არ გახმაურებულა. ჩრდილოეთ კორეის სამხედროების მონაწილეობა კურსკის რეგიონში სამხედრო ოპერაციებში ოფიციალურად დაადასტურეს მოსკოვმა და ფხენიანმა აპრილში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S