Accentnews.ge
ირანის თავდაცვის მინისტრი: ახალი ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოვცადეთ

ირანის თავდაცვის მინისტრი: ახალი ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოვცადეთ

05/05/2025 11:02:00 მსოფლიო

ირანის თავდაცვის მინისტრ აზიზ ნასიზადეს განცხადებით, ქვეყანამ ახალი ბალისტიკური რაკეტა Qassem Basir წარმატებით გამოცადა.

"რაკეტის ფრენის რადიუსი 1,2 ათასი კილომეტრია. მას გაუმჯობესებული მანევრირება აქვს და შეუმჩნეველი იქნება ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის, როგორებიცაა THAAD და Patriot", – განაცხადა მან ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიასთან – IRIB 2-სთან საუბრისას.

მისი თქმით, რაკეტა 17 აპრილს გამოცადეს.

აზიზ ნასიზადემ შეერთებული შტატებიც გააფრთხილა.

"ირანს ძლიერი პასუხის გაცემა შეუძლია, თუ აშშ თავს დაესხმება ან ომს მოახვევს თავს. თეირანს მეზობლებთან ძმური ურთიერთობები სურს, მაგრამ ომის შემთხვევაში მათ ტერიტორიებზე არსებული ამერიკული ბაზები ირანელი სამხედროებისთვის კანონიერი სამიზნე გახდება", – განაცხადა ირანის თავდაცვის მინისტრმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 4 მაისს NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, მისი აზრით, აუცილებელია ირანის ბირთვული პროგრამის დახურვა. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ „ღიაა მოისმინოს“ წინადადებები, რომლებიც ისლამურ რესპუბლიკას საშუალებას მისცემს, გააგრძელოს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენება.

„მაგრამ იცით, მშვიდობიან ენერგიას ხშირად სამხედრო კონფლიქტებამდე მივყავართ. და ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - დასძინა ტრამპმა.

22 აპრილს ჟურნალ Time-სთან ინტერვიუში კი, რომელიც სამი დღის შემდეგ გამოქვეყნდა, ტრამპმა განაცხადა, რომ ხედავს ირანთან შეთანხმების შესაძლებლობას და გამოთქვა მზაობა ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერებთან შესახვედრად. ამასთანავე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგა, განიხილავს სამხედრო ზომების მიღების შესაძლებლობასაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S