
ტრამპი უცხოურ ფილმებზე 100%-იანი ტარიფის დაწესებას აპირებს
05/05/2025 09:42:05 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უცხოეთში წარმოებულ ფილმებს 100%-იან ტარიფს დაუწესებს, ამის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
ტრამპის თქმით, ვაჭრობის დეპარტამენტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყოს ტარიფის დაწესების პროცესი.
“ამერიკაში კინოინდუსტრია სწრაფი სიკვდილით კვდება. სხვა ქვეყნები ყველა შესაძლო სტიმულს სთავაზობენ, რათა მიიზიდონ ჩვენი რეჟისორები და სტუდიები შეერთებული შტატებიდან. ჰოლივუდი და აშშ-ის სხვა რაიონები იცლება. ეს სხვა ქვეყნების შეთანხმებული ძალისხმევაა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ყველაფერ დანარჩენთან ერთად, ეს პროპაგანდაა! შესაბამისად, ვაჭრობის დეპარტამენტსა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს ვანიჭებ უფლებამოსილებას, დაუყოვნებლივ დაიწყონ უცხო ქვეყნებში წარმოებულ ნებისმიერ ფილმზე ჩვენს ქვეყანაში 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი. ჩვენ ისევ ამერიკაში წარმოებული ფილმები გვინდა!", - წერს ტრამპი.
ცნობისთვის: ტრამპმა 2 აპრილს 180-ზე მეტი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა. მოგვიანებით, ტრამპმა ამ ტარიფების ამოქმედება, ჩინეთის გარდა, ყველა ქვეყნისთვის 90 დღის ვადით შეაჩერა.
ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფის ეფექტიანი მაჩვენებელი 145%-ია, ნაცვლად 125%-ისა, როგორც ადრე იყო გამოცხადებული. ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩინეთს თავიდან ყველაზე მაღალი განაკვეთი - 104% - დაუწესდა, რომელიც ერთი დღის შემდეგ 125%-მდე გაზარდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021