
მედია: როსგვარდიისთვის ჩინეთში შეძენილი დრონების ჩამხშობები უფუნქციო აღმოჩნდა
01/05/2025 13:26:43 მსოფლიო
როსგვარდიამ ჩინეთიდან რადოოელექტრონული ომის სისტემების „ვიჟიგატელის“ პარტია მიიღო, რომელიც ფალსიფიცირებული აღმოჩნდა, შესაბამისად, დრონების წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქციას არ ასრულებდა. აღჭურვილობის ღირებულებამ 820 მილიონ რუბლს გადააჭარბა.
როგორც „იზვესტია“ იტყობინება, ჩინეთიდან დრონების აღმოჩენისა და ჩახშობის სისტემების შესყიდვის კონტრაქტები 2023 წლის ნოემბერში გაფორმდა. თუმცა, უკრაინაში ფრონტზე გაგზავნის შემდეგ დადგინდა, რომ სისტემები არ აკმაყოფილებდა დეკლარირებულ ტაქტიკურ და ტექნიკურ მახასიათებლებს. ჩინური "ვიჟიგატელი" ბრმა აღმოჩნდა - მათ უბრალოდ ვერ დაინახეს დრონები, განუცხადა „იზვესტიას“ წყარომ.
წარუმატებელი შესყიდვის გამო კომპანია „ორუჟეინოე დელოს“ წინააღმდეგ, რომელიც შუამავალი იყო, ცხრა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ფიგურანტებს შორის აღმოჩნდნენ ბიზნესმენი ალექსანდრე რული და „ორუჟეინაია პალატის“ თანამდებობის პირები. რულს ბრალი ედება თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში.
როსგვარდიამ კომპანიის წინააღმდეგ მანამდეც წარადგინა სარჩელი თითქმის 101 მილიონი რუბლის მოთხოვნით ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებისთვის. კომპანიის წინააღმდეგ კიდევ ერთი განცხადება მსგავსი პრეტენზიებით მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-18 ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტიდან მიიღო. პრეტენზიის ოდენობა 10,3 მილიონი რუბლია.
„საიდუმლო არ არის, რომ მსხვილი სამთავრობო კონტრაქტების გაფორმებისას მომწოდებლები ცდილობენ პროდუქტი მომხმარებლის მოთხოვნებს მოარგონ. მოკლე ვადების გათვალისწინებით, შესაძლოა, პროდუქტმა საჭირო რაოდენობის ტესტები ვერ გაიარა და მომხმარებელს „ნედლი“ სახით მიეწოდა, რაც საბრძოლო მისიებისთვის უვარგისი აღმოჩნდა“, - განუცხადა „იზვესტიას“ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის შესყიდვების სფეროსთან დაკავშირებულმა წყარომ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021